Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანდემიის მიუხედავად იგეგმება "ბათუმობა" - ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი


ბათუმის კულტურის ცენტრი აპირებს 8 მაისს სახალხო დღესასწაული ბათუმობა იზეიმოს. ამ ღონისძიების მოსაწყობად ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტი მზადაა სახალხო დღესასწაულის ორგანიზებაზე 80 000 ლარად. ანალოგიური ღონისძიების ჩატარება ბათუმს 2019 წელს 190 895 ლარი დაუჯდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ღონისძიება ბათუმის ბულვარში ჩატარდება და მოქმედი კომენდანტის საათის დაწყებისას არ დასრულდება. ერთდღიანი ღონისძიება ღამის 11 საათამდე იქნება და მის ფარგლებში გალა კონცერტი გაიმართება. ასევე მოეწყობა საბავშვო კუთხე, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, გამოიფინება ბათუმელი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყობა კინოჩვენებები და სპორტული შეჯიბრებები.

ერთადერთი პრეტენდენტი, რომელიც ტენდერში მონაწილეობს, ინდმეწარმე ლაშა კვარაცხელიაა. მან 2020 წელს 40 000 ლარად "ბაკურიანობა" ჩაატარა - ამ ღონისძიების ინიციატორი ბორჯომის მუნიციპალიტეტი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG