Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მათ სურთ, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციონ“


ივან ჟდანოვი
ივან ჟდანოვი

ბიზნესმენმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა გენადი გუდკოვმა, მწერალმა ქსენია ლარინამ და სხვა ცნობილმა მოღვაწეებმა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ოპონენტზე შურისძიებად შეაფასეს რუსი სამართალდამცველების მიერ ალექსეი ნავალნის თანამებრძოლ ივან ჟდანოვის მამის დაპატიმრება.

66 წლის იური ჟდანოვი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რასაც ბევრი აშკარად გამოგონილი ბრალდებად მიიჩნევს, გასული კვირის ბოლოს წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს; დაპატიმრებას წინ უძღოდა პოლიციის მიერ 26 მარტს დონის როსტოვში მდებარე მისი ბინის ჩხრეკა.

ივან ჟდანოვის თანახმად, მამას ბრალს იმაში სდებენ, რომ მან, როგორც საბინაო კომისიის წევრმა, პენსიაში გასვლამდე რუსეთის ერთ-ერთი შორეული დაბის ადმინისტრაციას ურჩია სუბსიდირებული ბინა გამოეყოთ ადგილობრივი ქალისთვის, რომლის ოჯახსაც, როგორც მოგვიანებით გამოაშკარავდა, წარსულში უკვე მიღებული ჰქონდა სახელმწიფოს დახმარება საცხოვრებლისთვის. საქმე სასამართლოში გაირჩა. ბინა სახელმწიფოს დაუბრუნდა, ბრალდებული კი მხოლოდ რეკომენდაციის გამცემი პირი აღმოჩნდა და არა გადაწყვეტილების მიმღები რომელიმე მოხელე.

„ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა ჩემი საქმიანობის გამო დაიწყო. ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზნედაცემულობისა და სივერაგის რაღაც სრულიად ახალი დონეა. პირდაპირ წარმომიდგენია, როგორ წყდებოდა იქ ეს ყველაფერი: ჟდანოვი ხალხს მიტინგებზე ეძახის, სანქციებისკენ მოუწოდებს, მოდი, მას მამა (დავუპატიმროთ). მათ სურთ, ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქციონ“, - წერს ფეისბუკში ივან ჟდანოვი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განიცდის თავისი 66 წლის ავადმყოფი მამის პატიმრობაში ყოფნას, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არ აპირებს თავისი გეგმის შეცვლას, რაც ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის მასშტაბით ყველაზე დიდი საპროტესტო აქციის გამართვას უკავშირდება.

„ხალხის მტრის მამა“

ივან ჟდანოვის მამის დაპატიმრების ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს. რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებამ შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრა „ხალხის მტრის“ მამა, რათა ამით მიაღწიოს კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თავმჯდომარის გაჩუმებას.

„ივან ჟდანოვს, (კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი) დაუპატიმრეს მამა მორიგი აბსოლუტურად შეთითხნილი საქმის გამო. ყოველთვის ფიქრობ - ეს უკვე ფსკერია! და ყოველ ჯერზე პუტინი სულ უფრო აღრმავებს მას“, - წერს ტვიტერში მიხაილ ხოდორკოვსკი.

„ივან ჟდანოვის 66 წლის პენსიონერი მამა, რომელსაც მრავალი დაავადება აქვს, დააპატიმრეს და ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, რადგან „ასე ჩათვალეს საჭიროდ“. პუტინის რეჟიმი სისასტიკის ახალ ფაზაში შედის: მძევლებად აჰყავს ოჯახის წევრები და ნათესავები. მორალური დაცემის კიდევ ერთი ზღვარი გადაილახა“, - წერს გენადი გუდკოვი, რუსეთის სახელმწიფო დუმის, პარლამენტის ქვედა პალატის, ოპოზიციონერი დეპუტატი.

„ივანზე არა უბრალოდ შურს იძიებენ მისი რწმენისა და პოლიტიკური შეხედულებისათვის, არამედ ივანს ხაფანგში იტყუებენ. მახეში აბამენ, რათა ჩასვან და გაჩუმება აიძულონ. ესაა ენკავედეს (НКВД) ტრადიცია, რომელიც ფესვგამჯდარია რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების სისტემაში, მისი მთავარი დუღაბია დევიზი: არ შეგიძლია „ხალხის მტრის“ შეპყრობა, მაშინ შეიპყარი მისი შვილები, მშობლები, მისი ახლობლები. და მაშინ „მტერი“ თავად მოირბენს შენთან ციხეში და მუხლებზე დაჩოქილი შეგევედრება თავისი ახლობლების გათავისუფლებას და დაგიწყებს ძახილს: „მე წამიყვანეთ!“ შენ კი, გამარჯვებული, გადაიხარხარებ: „რას ამბობ, ჩვენ მხეცები ხომ არ ვართ? ახლავე გაარკვევენ“, - ასე აფასებს ივან ჟდანოვის მამის დაპატიმრების ამბავს მწერალი ქსენია ლარინა.

მაგრამ ჟდანოვის მამის დაკავების შემდეგ კრიტიკული აზრის ჩასახშობად ინტერნეტში ამ დღეებში გააქტიურდენ პროსახელისუფლებო ბოტები და ტროლები. ისინი ყველანაირად ცდილობენ ხელისუფლების დღის წესრიგის გამართლებას და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს.

„კორუფციის წინააღმდეგ შეურიგებელი მებრძოლის, ივან ჟდანოვის, მამა წვრილფეხა კორუმპირებული აღმოჩნდა, თუმცა გასაკვირი არაფერია, მათ შორის ამ ისტერიკაში, რაც ვანიამ ატეხა მამის გამოსაძვრენად“, - წერს ტვიტერში „მორდორის ხმა“, რომელიც თავის აქაუნთში ხშირად ესხმის თავს კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს.

მის პათოსს იზიარებს კრემლის ხელისუფლების მხარდამჭერი კიდევ ერთი ტროლი. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა არ გაამართლა ფონდის დამფუძნებელ ჟდანოვის მამის დაპატიმრება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. ეს არის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის შესახებ“, - ირონიულად შენიშნავს ანტიდასავლურად და ანტილიბერალურად განწყობილი „პარტნიორების მარაზმი“.

ივან ჟდანოვი დანებებას არ აპირებს

სამი დღით ადრე, ვიდრე პოლიცია დონის როსტოვში მდებარე პენსიონერ იური ჟდანოვის სახლში ჩხრეკას ჩაატარებდა, მისმა შვილმა, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ თავმჯდომარე ივან ჟდანოვმა და მისმა თანამებრძოლებმა, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მიზნით, როგორც თავად უწოდეს, „დიდი პოლიტიკური კამპანია“ წამოიწყეს.

„ალექსეი ნავალნის გათავისუფლების ამ კამპანიის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს გაზაფხულზე დიდი მიტინგის ჩატარება. ეს იქნება პრინციპულად სხვა მიტინგი. ასეთი რამ რუსეთის ისტორიაში აქამდე არავის გაუკეთებია. ეს იქნება მიტინგი, რომლის შესახებაც ყველას ეცოდინება - მიტინგი, რომელსაც პუტინი ვერ დაარბევს“, - ნათქვამია ალექსეი ნავალნის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

ამ ინიციატივის ავტორები მიტინგის ზუსტ თარიღს მხოლოდ მაშინ გამოაცხადებენ, როდესაც მასში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ნახევარ მილიონს მიაღწევს. მსურველებმა მიტინგის გამართვას სპეციალური საიტის მეშვეობით უნდა მისცენ ხმა და რუკაზე უნდა მონიშნონ ის ადგილი, სადაც თავად ცხოვრობენ და სადაც აპირებენ ქუჩაში გამოსვლას ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. იგი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

2 თებერვალს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე. წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

სასამართლოს მიერ მსჯავრდებული ანტიკორუფციონერი ბლოგერი და კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 11 მარტიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის სასჯელს.

საპატიმროში ყოფნის სამი კვირის თავზე ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ პოლიტპატიმრის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, რუსეთის პრეზიდენტს მიმართა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. ნავალნის მძიმე მდგომარეობის გამო ხმა აიმაღლეს რუსეთის კულტურის მოღვაწეებმა.

24 მარტს, რუსმა რეჟისორებმა, მწერლებმა, მსახიობებმა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას და მოსთხოვეს, რომ ცხოვრების ნორმალური პირობებით უზრუნველყონ ალექსეი ნავალნი, ჰქონდეს მას კოლონიაში ადვოკატებთან თავისუფალი შეხვედრის უფლება და მოხსნან აღრიცხვიდან, როგორც გაქცევისკენ მიდრეკილი პირი.

„მოდი, საგნებს თავისი სახელები დავარქვათ: გადაწყვეტილია, რომ ნავალნი, უბრალოდ, ამოალპონ ციხეში, სულ მცირე, აქციონ ინვალიდად. უფრო უარესზე ლაპარაკიც კი არ მსურს - ყველამ ისედაც ყველაფერი იცის. მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ვლადიმირ პუტინს, რომელიც მთელი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს თვალწინ შურს იძიებს თავის ოპონენტზე და რეალურ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს“, - წერდა 26 მარტს ფეისბუკში ივან ჟდანოვი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი, რომელიც ამჟამად თავად აღმოჩნდა რუსეთის ხელისუფლების შურისძიების ობიექტი.

ზუსტად იმ დღეს, როდესაც საზღვარგარეთ მყოფი ივან ჟდანოვი ფეისბუკში ამ სიტყვებს წერდა, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს დონის როსტოვში მდებარე მამამისის სახლი და მეორე დღეს უკვე ბრალი წაუყენეს 66 წლის იური ჟდანოვს.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი დარწმუნებულია, რომ მამის დაპატიმრება სწორედ მასზე ზეწოლის მიზნით არის ჩაფიქრებული.

„ჩემთვის სრულიად აშკარაა, რომ ეს სიტუაცია ჩაფიქრებულია იმისათვის, რომ თან სინდისიც მტანჯავდეს და თან შეეცადონ, რომ პირი ამიკრან, რომ აღარ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. ამის გამო საერთოდ არ ვაპირებ ჩემი გეგმების შეცვლას და მამას ეს მშვენივრად ესმოდა. როდესაც მოვასწარი მასთან დალაპარაკება, მითხრა: „ყველაფერი რიგზეა. მთავარია, არავითარი სისულელე არ ჩაიდინო. შესაბამისად, ჩემს გეგმებზე ეს ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს“, - უთხრა ივან ჟდანოვმა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ რუსულენოვან პროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

უფროსი ჟდანოვის ადვოკატმა, დენის ნიკოლაენკომ, მედიას აცნობა, რომ სახლის ჩხრეკის დროს იური ჟდანოვს სამართალდამცველებმა უფლება არ მისცეს დაკავშირებოდა ადვოკატს, სახლიდან კი ამოიღეს ტექნიკა და დოკუმენტაცია, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან. დაკითხვის დროს 66 წლის იური ჟდანოვი, რომელსაც არაერთი დაავადება აწუხებს, ცუდად გახდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

რუსეთის ხელისუფლებას ივან ჟდანოვის მამის დაპატიმრების თაობაზე ჯერჯერობით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG