Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის გადასარჩენად


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

კოლონიაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ პოლიტპატიმრის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, რუსეთის პრეზიდენტს მიმართა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.

რაც ახლა ჩვენ თვალწინ ხდება, ადამიანზე პირადი „შურისძიებაა“, რომელიც დაუყოვნებლიც უნდა შეწყდეს, დაწერა მან ინსტაგრამში.

„პუტინმა მთელი ქვეყნის გასაგონად განაცხადა, რომ კითხულობს მისდამი ჩემს მიმართვებს. ჰოდა, ამიტომ მოვითხოვ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მან უკანონოდ გამოამწყვდია ციხეში. გამოამწყვდია იმიტომ, რომ ეშინია პოლიტიკური კონკურენციის და სურს სიცოცხლის ბოლომდე იჯდეს ტახტზე. ის, რაც ახლა ჩვენ თვალწინ ხდება, ადამიანზე პირადი შურისძიებაა და ეს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს“, - დაწერა იულია ნავალნაიამ ინსტაგრამში.

პასუხად კრემლის პრესმდივანმა 26 მარტს განაცხადა, რომ იულია ნავალნაიას კრემლისთვის არ უნდა მიემართა, რადგან ამ საქმეში კრემლი არავითარ როლს არ თამაშობს. ამგვარი თხოვნით მან სასჯელაღსრულების სამსახურს უნდა მიმართოსო, - თქვა დმიტრი პესკოვმა.

გამოსასწორებელი საპატიმროს ადმინისტრაციამ კი, იმის ნაცვლად, რომ მსჯავრდებულ ავადმყოფთან ოჯახის მიერ დაქირავებული ექიმი დაეშვა, პირად საქმეში უკვე პირველი საყვედური ჩაუწერა ნავალნის, რომელსაც ჯერ კიდევ კოლონიაში გადაყვანამდე მიაკერეს საშიში იარლიყი, რის გამოც პატიმარს რამდენიმე თვის განმავლობაში სასტიკი და დამამცირებელი მეთვალყურეობა ემუქრება.

„მიდრეკილია გაქცევისკენ“

სასამართლოს მიერ მსჯავრდებული ანტიკორუფციონერი ბლოგერი და კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 11 მარტიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის სასჯელს.

2 თებერვალს მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

როგორც ალექსეი ნავალნის მიერ რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობის სახელზე გაგზავნილი წერილებიდან ირკვევა, ვიდრე ვლადიმირში მდებარე კოლონიაში გაგზავნიდნენ, ჯერ კიდევ ნომერ პირველი საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღანელობას ის სამთვიან „პროფილაქტიკურ აღრიცხვაზე“ აუყვანია, როგორც „გაქცევისკენ მიდრეკილი“ მსჯავრდებული.

„2021 წლის 11 მარტს, როდესაც ვლადიმირის ოლქში მდებარე გამოსასწორებელ კოლონიაში გადმომიყვანეს, ეს ვადა ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე კიდევ 6 თვით გამიგრძელეს. ამის გამო ყოველდღე და ყოველღამე რამდენჯერმე ხდება ჩემი აღრიცხვა. მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფები ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, საკანში ღამის განმავლობაში რამდენჯერმე შემოდის კოლონიის თანამშრომელი, რთავს „თვალთვალის“ სისტემას, საათში ერთხელ მაღვიძებს, მიღებს ვიდეოკამერაზე და ხმამაღლა მიცხადებს, რომ აწარმოებს მსჯავრდებული ნავალნის პროფაღრიცხვას“, - წერს ალექსეი ნავალნი რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის, ალექსანდრ კალაშნიკოვისა და რუსეთის გენერალური პროკურორის, იგორ კრასნოვის, სახელზე გაგზავნილ საჩივრის წერილში.

„ძილის გატეხით“ ქანცგამოლეულ პატიმარს პოკროვის კოლონიის ხელმძღვანელობამ არც ეს აკმარა და საყვედურის სახით პირველი სასჯელი დააკისრა იმის გამო, რომ, როგორც ალექსეი ნავალნი წერს, ერთ დილით დადგენილზე 10 წუთით გვიან გაიღვიძა, რაც მას „შინაგანაწესის დარღვევად“ ჩაუთვალეს.

„საპატიმრო ადგილებში შინაგანაწესის დარღვევა პატიმრის მიმართ გარკვეულ სანქციებს ითვალისწინებს. რამდენიმე ასეთი საყვედურის გამოცხადების შემდეგ იგი ვეღარ ისარგებლებს ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე (ე.წ. უდო) შუამდგომლობის უფლებით და, შესაძლოა, საჯარიმო იზოლატორშიც მოათავსონ“, - ამბობს ალექსეი ნავალნის ადვოკატი, ოლგა მიხაილოვა.

24 მარტს რუსმა რეჟისორებმა, მწერლებმა, მსახიობებმა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას და მოსთხოვეს, რომ ცხოვრების ნორმალური პირობებით უზრუნველყონ ალექსეი ნავალნი, ჰქონდეს მას კოლონიაში ადვოკატებთან თავისუფალი შეხვედრის უფლება და მოხსნან აღრიცხვიდან, როგორც გაქცევისკენ მიდრეკილი პირი.

წერილის ადრესატები არიან რუსეთის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში რუსეთის ფედერაციის საბჭოს რწმუნებული, ტატიანა მოსკალკოვა.

ხელისუფლებისადმი მიმართვას ხელს აწერს 158 კაცი, მათ შორის, რეჟისორები გარი ბარდინი, ანდრეი ზვიაგინცევი, ვიტალი მანსკი და ანდრეი სმირნოვი, მსახიობები ჩულპან ხამატოვა და ელენა კორნევა, მწერალი ლიუდმილა ულიცკაია და სხვები.

მოწამვლის მცდელობიდან დაინვალიდებამდე

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. იგი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

მოგვიანებით, 2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში. ამ სარჩელის ინიციატორი სწორედ რუსეთის სასჯელაღსრულებითი დეპარატამენტია, რომლის ხელშიც მოუწევს საპატიმრო ვადის მოხდა რუს პოლიტპატიმარს.

ვლადიმირის ოლქში მდებარე გამოსასწორებელი კოლონია 2 (ИК-2), სადაც სასჯელს ოხდის რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, სხვადასხვა სახის ტანსაცმლით, მათ შორის, ქვედა საცვლებით ამარაგებს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, აღნიშნულმა კოლონიამ 2018 წელს მიიღო შეკვეთა სასჯელაღსრულების რეგიონალური სამმართველოსაგან პერანგების, ტრუსებისა და ქვედა საცვლების (ე.წ. კალსონების) მიწოდებაზე. კონტრაქტის საერთო თანხამ შეადგინა 821 000 რუსული რუბლი.

ზემოთ უკვე ითქვა, თუ რა მძიმე ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში იმყოფება ალექსეი ნავალნი. საპატიმროში ყოფნის სამი კვირის თავზე ამ მდგომარეობას უკვე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაც თან დაერთო.

კოლონიაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რამდენიმე დღეა, ძლიერ ტკივილებს განიცდის ზურგისა და მარჯვენა ფეხის არეში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი თვეა, რაც ძლიერი ტკივილები აქვს, ნავალნის თავად აუკრძალავს ამაზე საჯაროდ ლაპარაკი.

ადვოკატებმა ოლგა მიხაილოვამ და ვადიმ კობზევმა მოახერხეს 25 მარტს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრა ვლადიმირის ოლქის პოკროვის კოლონიაში. მიხაილოვამ ნავალნის მდგომარეობა შეაფასა, როგორც „უკიდურესად არასახარბიელო“, კობზევი კი წერს, რომ მას არათუ არ მკურნალობენ, არამედ „ჯანმრთელობას უსპობენ“.

„4 დღის განმავლობაში ის ყოველდღიურად უჩიოდა ზურგში მწვავე ტკივილს, მაგრამ დემონსტრაციულად არ აღმოუჩინეს არანაირი დახმარება. ამას, ცხადია, მოჰყვა გართულება და ამჟამად მას წართმეული აქვს შეგრძნება მარჯვენა ფეხში, აწუხებს მწვავე ტკივილი, ფეხი აღარ ემორჩილება და ასეთი ტემპებით [გართულების შემთხვევაში] მას [ნავალნის] დასჭირდება ყავარჯნები. მიწვეულ ექიმს მასთან არ უშვებენ, აკრძალულია რეკომენდებული წამლების მიწოდება. გასულ პარასკევს იგი გასინჯა ციხის ნევროლოგმა, მაგრამ გამოკვლევის შედეგი და დიაგნოზი ჯერაც უცნობია“, - წერს ტვიტერში ვადიმ კობზევი.

ნავალნის ადვოკატების პასუხად სასჯელაღსრულების უწყებამ 25 მარტს „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ კოლონიაში ჩატარდა პატიმრების სამედიცინო შემოწმება. გამოკვლევის თანახმად, ნავალნის „ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია“.

მზადება ახალი საპროტესტო აქციებისთვის

„მოდი, საგნებს თავისი სახელები დავარქვათ: გადაწყვეტილია, რომ ნავალნი, უბრალოდ, ამოალპონ ციხეში, სულ მცირე, აქციონ ინვალიდად. უფრო უარესზე ლაპარაკიც კი არ მსურს - ყველამ ისედაც ყველაფერი იცის. მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ვლადიმირ პუტინს, რომელიც მთელი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს თვალწინ შურს იძიებს თავის ოპონენტზე და რეალურ საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს“, - წერს ფეისბუკში ივან ჟდანოვი, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი.

მან და სხვა თანამებრძოლებმა ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით წამოიწყეს ახალი ინიციატივა - მასშტაბური მიტინგის გამართვის მოთხოვნით სპეციალურად შექმნილი საიტის მეშვეობით მთელი რუსეთის მასშტაბით დაიწყეს საყოველთაო რეგისტრაცია, რომელშიც მხოლოდ პირველ დღეს ჩაეწერა 100 000 კაცი. საპროტესტო აქციის დღე კი გამოცხადდება მას შემდეგ, რაც ხელმომწერთა რაოდენობა 500 000-ს მიაღწევს, ანუ ნახევარი მილიონი ადამიანი იქნება ქუჩაში გამოსვლის მსურველი.

მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩატარდება ეს საპროტესტო აქცია და რა შედეგით დასრულდება კიდევ ერთი აქცია ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით.

2 თებერვალს, ღამით, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები ერთხელ უკვე დაიწყო მას შემდეგ, რაც მოსკოვის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

რუსეთის პოლიციამ, ეროვნულმა გვარდიამ და „ომონმა“ ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები დაშალეს და 1380-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვენ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა 6 თებერვალს, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, „უკანონო“ უწოდა ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას და მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს როგორც ნავალნი, ისე ყველა დემონსტრანტი და „მიუკერძოებლად“ გამოიძიოს ნავალნის მოწამვლის საქმე.

მარტის დასაწყისში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და გასამართლებასთან სავარაუდო კავშირისთვის აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს უკვე სანქციები დაუწესეს.

„მაგნიტსკის აქტის“ ევროპული ანალოგის საფუძველზე შედგენილ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ რუსეთის ოთხი გავლენიანი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები, მათ შორის - სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი, რომლის ხელშიცაა ამჟამად პოკროვის კოლონიაში მყოფი პოლიტპატიმრის, ალექსეი ნავალნის, ბედი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG