"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია მზადაა, საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლონ ის საქმეები, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამის შესახებ მან დღეს მმართველ პარტიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
"რაც შეეხება ამ საქმეებს, ჩვენ მზად ვართ, ჩამოვიყვანოთ ნებისმიერი საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც შეუძლია შეისწავლოს თითოეული ეს საქმე და დაადგინოს: მელის ხელმძღვანელობდა თუ არა პარლამენტში შემოჭრას; ჯაფარიძე და ხაზარაძე ათეთრებდნენ თუ არა ფულს - შეისწავლონ და დაადგინონ. კიდე ვინ იყოო? არც მახსოვს... გვარამია აკოტრებდა თუ არა ტელევიზიას და ა.შ." - თქვა ირაკლი კობახიძემ.
12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.
როგორც დანიელსონმა თქვა, წინადადებები ეხებოდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე გაგრძელებული დებატების დასრულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს წინადადებები არ მიიღო.