Accessibility links

site logo site logo

რუსეთში დარეგისტრირდა COVID-19-ის მსოფლიოში პირველი ვაქცინა ცხოველებისთვის


რუსეთში დარეგისტრირდა მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ბეწვიანი ცხოველების, ძაღლებისა და კატებისთვის. ამის შესახებ იტყობინება „როსსელხოზნადზორის“ ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ვებსაიტი.

პრეპარატი Karnivak-Kov-ი შექმნა „ცხოველთა ჯანდაცვის ფედერალურმა ცენტრმა“. ვაქცინის კლინიკური გამოცდა 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდა ძაღლებზე, კატებზე, წაულებზე, მელიებსა და სხვა ცხოველებზე.

საცდელი ცხოველების 100%-ს გამოუმუშავდათ ანტისხეულები, იტყობინება „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელის მოადგილე კონსტანტინ სავენკოვი. მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი მოქმედებს არანაკლებ ნახევარი წლისა. უკვე აპრილში შეიძლება დაიწყოს ვაქცინის მასობრივი წარმოება. პრეპარატის მიმართ ინტერესი გამოთქვეს კომპანიებმა საბერძნეთში, პოლონეთში, ავსტრიაში, აშშ-ში, კანადასა და სინგაპურში, დასძინა „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელმა.

მანამდე Sputnik V-ის შემქმნელის „გამალეის ცენტრის“ დირექტორმა, ალექსანდრ გინცბურგმა განაცხადა, რომ პანდემიის შემდეგი ეტაპი იქნება სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველების დაავადება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსის ცხოველებიდან ადამიანებზე გადასვლის მეცნიერული დადასტურება ჯერჯერობით არ მოიპოვება.

შარშან დანიაში გამოვლინდა COVID-19-ით წაულების დაავადების მრავალი შემთხვევა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაენადგურებინა წაულები ფერმებში, სადაც ცხოველებს მუტირებული კორონავირუსი აღმოაჩნდათ. დახოცეს მილიონებით წაულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG