Accessibility links

site logo site logo

იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელაიასთვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა


იუსტიციის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიასთვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. იუსტიციის სამინისტროს 12 800 ლარის გადახდა მოუწევს. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

"სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, უკანონოდ ცნო სანოტარო საქმიანობის შეჩერება... მიმაჩნია, რომ საქმიანობის შეჩერება იყო იმ დევნის კამპანიის გაგრძელება, რაც ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება და რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს... ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - წერს ბაჩანა შენგელაია "ფეისბუკში".

ენგელიას იუსტიციის სამინისტრომ ნოტარიუსისთვის საჭირო პლატფორმაზე წვდომა 2020 წლის ივლისში შეუწყვიტა. ის რამდენიმე დღე იუსტიციის სამინისტროსგან უშედეგოდ ითხოვდა, რომ კვლავ ჰქონოდა ნოტარიუსისთვის საჭირო პლატფორმებზე წვდომა. მას ეს უფლება რამდენიმე კვირით ადრე მის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეუჩერეს. მაშინ შენგელიამ დოკუმენტი სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, მისთვის პროგრამებზე წვდომა მიეცა.

თავად შენგელია დისციპლინური წარმოების დაწყებას "ვითომ სამართლებრივ" პროცესს უწოდებდა და დედის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირებდა. მან ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც წაიღო.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს. 23 აგვისტოს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG