Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს  მომავალი სასწორზე - დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერა შეიძლება გადაიხედოს


ევროკავშირის მედიაციით წარმართული დიალოგის ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ევროპარლამენტში საქართველოსთვის დასაწესებელ შესაძლო ფინანსურ სანქციებზე ალაპარაკდნენ. 

„ქართული ოცნება“, რომლის პასუხისმგებლობაც ტექსტში საგანგებოდ არის გამოკვეთილი, ამ განცხადების შინაარსს მხოლოდ „რამდენიმე ევროპარლამენტარის“ პოზიციად მიიჩნევს. ოპოზიცია კი, რომელიც, განცხადების თანახმად, ასევე დადანაშაულებულია მოლაპარაკებების ჩავარდნაში, აცხადებს, რომ ყველა შესაძლო კომპრომისზე წავიდა და მეტს ვეღარ დათმობს. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ დაპირისპირებული პოლიტიკური მხარეები საკუთარი პოზიციების გადახედვას გეგმავენ. საქართველო სახიფათო ზღვარს მიადგა - ფიქრობენ საექსპერტო წრეში. ის რომ დღეს საქართველოს მომავალი სასწორზე დევს, ამის შესახებ ვაშინგტონშიც ითქვა.

ასეთ მკაცრ ტონსა და ზემოქმედების ზომებთან დაკავშირებულ მკაფიო გზავნილებს გასული საუკუნის 90-ანი წლების შემდეგ ვერ იხსენებს „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, რომელის მრავალწლიანი საქმიანობის დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდება.

როგორც გოგოლაშვილი გვეუბნება, განცხადებაზე ხელმომწერ შვიდ დეპუტატს ევროპარლამენტის პოზიციაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ; ხოლო ევროპარლამენტს, თავის მხრივ, შეუძლია ბიძგი მისცეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ევროკავშირის საბჭოში.

„ისინი არ არიან რიგითი ევროპარლამენტარები. ეს ის ჯგუფია, რომელსაც ევროპარლამენტში ჭკუას ეკითხებიან, საქართველოს მსგავსად, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებთან (სულ 6 ქვეყანა) დაკავშირებით. ამ ხალხმა რომ შეიმუშავოს რეზოლუციის ტექსტი, ძალინ დიდი შანსია, რომ ეს რეზოლუცია გავიდეს და მას მხარი დაუჭიროს მთელმა ევროპარლამენტმა“ - გვეუბნება კახა გოგოლაშვილი.

ევროპარლამენტარების განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც 1 აპრილს მათ საქართველოდან დაბრუნებულ კრისტიან დანიელსონს მოუსმინეს და „ღრმა იმედგაცრუებაც“ გაიზიარეს 30 მარტს თბილისში მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების გამო. ფინანსურ სანქციებთან მიმართებით ტექსტში ხელმომწერები მთელი ევროპარლამენტის სახელით ლაპარაკობენ.

„ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის - როგორც მომდევნო ტრანშის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მათ შორის - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლები „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან“.

  • განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ზუსტად რომელი დახმარების შეჩერებაზეა ლაპარაკი, მაგრამ ბრიუსელიდან რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლაპარაკია 60 მილიონ ევროზე, რომელიც წარმოადგენს COVID -19-ის კონტექსტში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 1,5-მილიარდ ლარიანი პაკეტის ნაწილს.
  • ევროკავშირის დახმარება გათვლილია: ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე, ეკონომიკის აღდგენაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ხელშეწყობაზე და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ევროკავშირის მიზანია საქართველოს მოქალაქეების დახმარება.

კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ ევროკავშირის დახმარების დაკარგვა მძიმე შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის, რადგან ამ დახმარების გარეშე შესაძლოა „საავადმყოფოებში მედიკამენტები, საჭირო აღჭურვილობა და ფილტვების ვენტილაციის აპარატებიც არ გვქონოდა“, მაგრამ პოლიტოლოგი კიდევ ერთ და უფრო მძიმე საფრთხეს ხედავს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, რაც საფრთხის ქვეშ დგას. საქართველოს ექმნება იმიჯი ქვეყნისა, რომელიც უმართავია ევროკავშირის მხრიდან.

რანაირად დაელაპარაკებიან წევრობის კანდიდატის სტატუსზე ქვეყანას, სადაც ბრიუსელს არ უსმენენ?! ასეთი იმიჯის ქვეყანასთან ევროპულ პერსპექტივაზე არ ლაპარაკობენ.

ეს არის დისტანცირების პროცესი ევროკავშირთან, რაც პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში. ევროპასთან დისტანცირება რუსეთთან დაახლოებას ნიშნავს“ - გვეუბნება გოგოლაშვილი.

2 აპრილს, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საუბრის დეტალები არ გახმაურებულა. ექსპერტების აზრით, სალაპარაკო ცოტა არ იქნებოდა - ბრიუსელიდან წამოსული მკაცრი გზავნილებისა და პრემიერის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადების ფონზე, რომ - „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ეთიშება.

ირაკლი ღარიბაშვილმა „უშინაარსო“ უწოდა ხანგრძლივ და შრომატევად პროცესს, რომელიც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით დაიწყო და შემდეგ, მან პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ორჯერ გამოგზავნა საქართველოში.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას აწუხებს“ - განაცხადა 1 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა და მოლაპარაკებების ჩაშლა კიდევ ერთხელ დააბრალა ოპოზიციას.

ელჩმა ჰარცელმა 2 აპრილს ჟურნალისტებს უთხრა, რომ შვიდი ევროპარლამენტარის მიერ გამოქვეყნებული განცხადება „სერიოზულად უნდა იყოს აღქმული“ კონკრეტული გზავნილების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ მათ „განსხვავებული როლი“ აქვთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას არ შეუჩერებს, განცხადება „რამდენიმე ევროპარლამენტარის“ მოსაზრებას ასახავს და მმართველი გუნდი ამ გაუგებრობას, ბრიუსელთან დამატებითი კომუნიკაციით, უახლოეს მომავალში გამოასწორებს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია „ექვსი, შვიდი და თუნდაც - რვა“ ევროპარლამენტარის შეფასება, რადგან ის ევროკავშირის პოზიციას არ ასახავს.

ევროპარლამენტარების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დანიელსონის მიერ შემუშავებული გეგმა „დაბალანსებულია“ და გადასაწყვეტია ყველა პუნქტი, მათ შორის - "სამომავლო არჩევნებთან" და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ შემთხვევასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში ლაპარაკია ასევე „2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასების“ პატივისცემაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა ევროპარლამენტარების გზავნილები დაუკავშირეს საკუთარ მოთხოვნებს - „ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა“ და მელია-რურუას სახით „პოლიტპატიმრების გათავისუფლების“ შესახებ.

ოპოზიციონერი ლიდერები ყურადღებას ამახვილებენ ევროპარლამენტართა განცხადების კიდევ ერთ მკაფიო აქცენტზე, რომ შექმნილ სიტუაციაში - განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროცესი შედეგიანი იყოს.

ხომ არ აპირებს ოპოზიცია, რომ ევროპარლამენტარების განცხადების შემდეგ, გადახედოს საკუთარ პოზიციებს სამომავლოდ და მეტ კომპრომისზე იფიქროს? დეკანოიძე გვეუბნება, რომ მეტი კომპრომისი წარმოუდგენელია.

„ჩვენ დავეთანხმეთ ხუთიდან სამ საკითხს... მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ... პატიმრებზე და თავისუფლებით ვაჭრობაზე არ შეიძლება იყოს კომპრომისი. ხოლო ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ერთიანი კომპრომისული შეთავაზება იყო პლებისციტის ჩატარება და ხალხის აზრის გაგება ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიისთვის არ არის მისაღები ეს იდეა“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

შარლ მიშელის ჩარჩო-გეგმისგან განსხვავებით, კრისტიან დანიელსონის მიერ ბოლო რაუნდზე წარდგენილ გეგმაში საერთოდ არ იყო ნახსენები ვადამდელი/ადრეული არჩევნები.

ევროპარლამენტარების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა სასწორზე დევს, და პოლიტიკურმა ლიდერებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ.

"საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ"- ამბობენ ვაშინგტონში და სანქციებთან დაკავშირებით გარკვეული მინიშნებებს იქაც აკეთებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა კონგრესის მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებასა და სენატორების კეთილ ნებას რისკავს.

„ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს, კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის.

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს" - განაცხადა ჯორკ კენტმა.

კენტი მონაწილეობდა აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე 23 მარტს გამართულ დისკუსიაში, სადაც ასევე შეეხო საუბარი საქართველოსთვის სავარაუდო სანქციების დაწესების საკითხს.

საქართველოს დახმარების ჭრილში პირობების დაწესების პრეცედენტი უკვე არსებობს. აშშ-ის 2021 წლის საბიუჯეტო კანონში, 132 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარების გამოყოფასთან მიმართებით ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანმა უნდა შეაფასოს კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობა საქართველოში და არაუგვიანეს 90 დღისა, ასიგნებების კომიტეტს სპეციალური ანგარიში უნდა წარუდგინოს. ასეთი პირობა არ შეეხებოდა მაგალითად - უკრაინას.

ტექსტის თავდაპირველ პროექტში, რომელიც საბოლოოდ არ დამტკიცდა, საუბარი იყო დახმარების 15 პროცენტის შეჩერებაზე, თუ ქვეყანა დემოკრატიის პრინციპებს არ დაიცავდა. 23 მარტს, სენატში გამართულ მოსმენაზე სენატორებმა თქვეს, რომ ისინი პირობის გამკაცრებაზე ფიქრობენ.

ექსპერტების ნაწილი მოელის, რომ ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პროცესის მარცხის ფონზე გააქტიურდება შეერთებული შტატები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG