Accessibility links

site logo site logo

ბეისბოლის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი ატლანტაში გადაიდო არჩევნების ახალი კანონის მიმართ პროტესტის ნიშნად


აშშ-ის ბეისბოლის მთავარი ლიგის კომისარმა, რობერტ მანფრედმა, გამოაცხადა, რომ 2021 წლის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი ატლანტიდან, ჯორჯიის შტატიდან, გადატანილ იქნა ამ შტატში კენჭისყრის შესახებ მიღებული ახალი კანონის მიმართ პროტესტის ნიშნად. რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ცნობით, გასულ კვირაში, შტატის გუბერნატორის, ბრაიან კემპის მიერ ხელმოწერილი ახალი კანონით, შტატში კენჭისყრის წესები მკაცრდება და იკვეცება ვადამდელი და დისტანციური ხმის მიცემის შესაძლებლობა.

98-გვერდიანი ახალი კანონით, იკრძალება, მაგალითად, საკვების და სასმელის დარიგება საარჩევნო უბნებთან რიგში მდგომთათვის, ბიულეტენების გაგზავნა ამომრჩევლებისთვის, რომლებმაც უბნებში მისვლა ვერ მოახერხეს, და ის ავალდებულებს ხმის მიმცემებს, დატოვონ საპასპორტო მონაცემები, იტყობინება The New York Times-ი.

კანონმა კრიტიკა გამოიწვია უფლებადამცველთა შორის, რომლებიც თვლიან, რომ ის მიმართულია იმ ამომრჩეველთა გამოცხადების შემცირებისკენ, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ.

დოკუმენტით, ამასთან, მკაცრდება კონტროლი შტატის საარჩევნო კომისიებზე პარლამენტის მხრიდან, რომელშიც რესპუბლიკური პარტია დომინირებს.

მარტის ბოლოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონი გააკრიტიკა და თქვა, რომ მხარს დაუჭერს პროტესტის ნიშნად მატჩის სხვაგან გადატანას.

ბეისბოლის მთავარი ლიგის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს რესპუბლიკური პარტიის წევრებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG