Accessibility links

site logo site logo

რიონის ხეობაში პოლიციაა მობილიზებული, 12 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება


რიონის ხეობის შესასვლელში, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობისთვის სამუშაოებია დაწყებული, მობილიზებულია პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმი. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს „მთის ამბები“. მათივე ცნობით, რიონის ხეობის შესასვლელში პოლიციას წყლის ჭავლის მანქანაც ჰყავს მობილიზებული.

4 აპრილს, 12 საათზე, სოფელ გუმათში აქციაა დაგეგმილი.

3 აპრილს, რიონის ხეობაში მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო. პოლიციას ბლოკირებული ჰქონდა ხეობის ის ნაწილი, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობა იგეგმება. იქ დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. მან მოსახლეობას, პროტესტის მიუხედავად, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა.

3 აპრილს, ღამით, პოლიციამ "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ თავს ხეობაში განთავსებულ კარვებს შეაფარებდნენ.

გვიან ღამითვე გავრცელდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომლებიც წერენ, რომ სრულად იზიარებენ რიონის ხეობის მცველების პოზიციას და მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართავენ.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა ქუთაისშიც.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG