Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, თავი შეიკავოს რიონის ხეობაში ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან


სახალხო დამცველი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც წინასწარ გაცხადებული იყო მშვიდობიანი შეკრების ჩატარების შესახებ და მისი მონაწილეები არ აჟღერებდნენ ძალადობრივ ზრახვებს. ასევე შეკრების თავისუფლებაში ჩარევად უნდა შეფასდეს ამ პირების დაჯარიმება, რომელთა შეკრების და ადგილზე დარჩენის მიზანს აქციასთან შეერთება წარმოადგენდა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოახერხეს სასურველ ტერიტორიაზე შესვლა. აღნიშნული ქმნის ეჭვებს პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვის მოქალაქეთა პროტესტის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ, რაც მიუღებელ პრაქტიკას წარმოადგენს.

ასევე, სიგნალის ჩამხშობი აპარატის გამოყენება გახდა გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორი და ამ გზით მოხდა ხსენებულ კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა.

გზა კვლავ გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დგას წყლის ჭავლის მანქანა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღესაც დააკვირდება დაანონსებული აქციის მიმდინარეობას. აპარატი აგრძელებს საკითხის შესწავლას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ“.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებსა და ექსპერტებთან.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, კონსენსუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება.

სოფელ გუმათში, ნამოხვანისკენ მისასვლელი გზა, სადაც ჰესის მშენებლობა იგეგმება, მეორე დღეა ბლოკირებულია პოლიციის მიერ. 3 აპრილს, იქ დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. მან მოსახლეობას, პროტესტის მიუხედავად, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა.

3 აპრილს, ღამით, პოლიციამ „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც გუმათიდან ნამოხვანში აპირებდნენ გადასვლას და იმედი ჰქონდათ, რომ თავს ხეობაში განთავსებულ კარვებს შეაფარებდნენ.

სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თუკი პოლიცია მათ სოფელ ნამოხვანისკენ არ გაუშვებს, ისინი კარვებს სოფელ გუმათშიც გაშლიან, სადაც პროტესტის მეორე კერა გაჩნდება. გუმათში პოლიციაა მობილიზებული. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც. ტერიტორიაზე მიყვანილია წყლის ჭავლის ავტომობილიც.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა ქუთაისშიც.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG