Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალია ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა


სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები ვალია ვანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ვალია ვანიშვილი, დათა ვანიშვილის ცოლია. დათა ვანიშვილი 19 მარტს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაიცვალა. „სახლი არ დატოვო, არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვან, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგეხმარებიანო“, - ეს იყო დათა ვანიშვილის ბოლო სიტყვები, რომელიც ცოლს უთხრა.

დათა ვანიშვილის გარდაცვალების შემდეგ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში დარჩა მისი შვილი, ნანა ვანიშვილი, რომელიც ხანში შესულ დედას უვლის. ნანა ვანიშვილი ამბობს, რომ დედა გაცივდა:

„შესაბამისი სამედიცინო დახმარება ოსმა ექიმებმა აღმოუჩინეს და მედიკამენტებით მკურნალობის რეკომენდაცია მისცეს. დედაჩემს ჩემ შვილთან ერთად ვუვლი, თუმცა არ ვიცი, რამდენს ხანს შევძლებ აქ დარჩენას“, - ამბობს ნანა ვანიშვილი.

მან ეს ინფორმაცია ხანდაზმულთა მხარდამჭერი ორგანიზაციის წევრებსაც მიაწოდა. ორგანიზაციის წევრებმა ვანიშვილებს მავთულხლართებს მიღმა პროდუქტები გადასცეს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო ტლაშაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ვალია ვანიშვილი გაციებულია და ახველებს, თუმცა სწრაფი ტესტის პასუხით კორონავირუსი გამოირიცხა.

4 აპრილს ხურვალეთში ჩავიდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც, რომლებმაც ვანიშვილების ოჯახს საოჯახო ტექნიკა - მაცივარი და ტელევიზორი ჩაუტანეს.

ვალია ვანიშვილმა, დათა ვანიშვილის დაკრძალვის დღეს თქვა, რომ ქმრის ანდერძს შეასრულებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ სახლს არ მიატოვებს.

დათა ვანიშვილი ხურვალეთის არაოკუპირებულ ნაწილში გადასვლის გამო რამდენჯერმე დაკავებულიც იყო ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

88 წლის დათა ვანიშვილი, ფაქტობრივად, საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები საქართველოს ერთადერთი მოქალაქე იყო, ვისთანაც პირადი კომუნიკაცია ჰქონიათ დემოკრატიული ქვეყნების იმ ლიდერებს, ვინც საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ზოლთან მისულა. სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტის, ეუთოს, გაეროსა და სხვა მრავალი ორგანიზაციის თუ ქვეყნის წარმომადგენლები და დიპლომატები.

XS
SM
MD
LG