Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია და საფრანგეთი შეშფოთებული არიან დონბასში დაძაბულობის ზრდის გამო


უკრაინელი სამხედრო პოზიციაზე კრასნოჰორლივკასთან. 2021 წლის 5 მარტი.
უკრაინელი სამხედრო პოზიციაზე კრასნოჰორლივკასთან. 2021 წლის 5 მარტი.

გერმანია და საფრანგეთი შეშფოთებული არიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევათა რიცხვის ზრდის გამო უკრაინის აღმოსავლეთში.

ამის შესახებ საუბარია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 3 აპრილს გამოიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაძაბულობა იზრდება ვითარების გარკვეული სტაბილიზაციის პერიოდის შემდეგ გასული წლის ივლისიდან. "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას, კერძოდ, რუსეთის ჯარების გადაადგილებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოავლინონ თავშეკავება და ძალისხმევა დაუყოვნებლივი დეესკალაციის მიზნით", - ხაზგასმულია ტექსტში.

გაზეთმა The New York Times-მა მარტის ბოლოს გაავრცელა ცნობა წყაროებზე დაყრდნობით, რომ სხვადასხვა პუნქტში, უკრაინის საზღვარზე, განლაგებულია დაახლოებით ოთხი ათასი რუსი სამხედრო. გამოცემის თანახმად, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ ვითარებაზე მეთვალყურეობის დონე გაზარდა "შესაძლებელი კრიზისიდან" "პოტენციურად გარდაუვალ კრიზისამდე" - ყველაზე მაღალ შეფასებამდე.

არსებული ცნობით, ეს არის იმაზე რეაქცია, რომ რუსეთმა არ გაიყვანა ჯარები 23 მარტს სამხედრო სწავლების დამთავრების შემდეგ. სოციალურ ქსელებში გაჩნდა შეტყობინებები, რომ მოსკოვი დამატებით ჯარებს გადაისვრის ბრიანსკის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში, და ასევე ანექსირებულ ყირიმში, აღნიშნა "გერმანულმა ტალღამ".

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რეაგირება მოახდინა ამ შეტყობინებებზე და განაცხადა, რომ რუსეთი გადააადგილებს შეიარაღებულ ძალებს "საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში საკუთარი შეხედულებისამებრ" და "ეს არავის უნდა აწუხებდეს".

მარტის ბოლოდან მოყოლებული, უკრაინელი სამხედროები პერიოდულად იტყობინებიან, რომ მინსკის შეთანხმების დარღვევით, დონბასში სამხედრო პოზიციებზე ხორციელდება იერიში სეპარატისტების მხრიდან. თავის მხრივ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკები უკრაინის არმიას სროლების გაძლიერებაში ადანაშაულებენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი რაიონების მისამართით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG