Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ელჩი: „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენებას არ მოჰყოლია სერიოზული გვერდითი მოვლენები


საქართველოში ჩინეთის ელჩი ლი იანი აცხადებს, რომ კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ გამოყენებას რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია. ელჩის ინფორმაციით, ამჟამად „სინოფარმის“ ვაქცინას, ჩინეთის გარდა, იყენებს 50-ზე მეტი ქვეყანა.

საქართველოს მთავრობის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ელჩმა თქვა, რომ „სინოფარმის“ უსაფრთხოება და ეფექტიანობა უკვე აღიარა ბევრმა ქვეყანამ, მსოფლიოში უკვე გამოყენებულია 100 მილიონზე მეტი დოზა და რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ ყოფილა. ლი იანის განცხადებით, კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით და მისი უსაფრთხოების და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია.

ელჩის თანახმად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას საბოლოოდ ჯერ არ დაუსრულებია ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების შეფასება, თუმცა, ბოლო დღეებში განაცხადა, რომ მის მოთხოვნებს ორივე ვაქცინა აკმაყოფილებს. „მოდით, ერთად დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას და ავტორიზაციას“, - განაცხადა ლი იანმა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის ორგანიზაციისგან მოსალოდნელი ავტორიზაცია დაადასტურებს „სინოფარმის“ ვაქცინის მაღალ ხარისხს და სანდოობას, თუმცა, დასტური უკვე არის ის, რომ ამ ვაქცინას სულ უფრო მეტი ქვეყანა იყენებს და მილიონობით ადამიანი უკვე აცრილია.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინა მას შემდეგ შეიძინა, რაც იგი აღიარა ევროკავშირის წევრი უნგრეთის მარეგულირებელმა სამსახურმა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. მისი გამოყენება დაიწყება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ. გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინებს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 4 აპრილის ჩათვლით, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით აიცრა 11 603 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG