Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ათ პირს წაუყენა ბრალი 2020 წელს უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით


ირანმა ათ ოფიციალურ პირს წაუყენა ბრალი 2020 წელს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თეირანის პროვინციის ყოფილმა სამხედრო პროკურორმა ღოლამ აბას ტორკიმ 6 აპრილს განაცხადა, რომ ათი პირი წარდგება სასამართლოს წინაშე, რათა გამოტანილ იქნეს „აუცილებელი დასკვნები“ 2020 წლის იანვარში მომხდარი ინციდენტის თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ISNA.

ტორკიმ ეს განცხადება გააკეთა ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელზეც მან უფლებამოსილებები გადასცა თავის მემკვიდრეს. სხვა დეტალებზე მას არ ულაპარაკია.

თავდაპირველად თეირანი აცხადებდა, რომ უკრაინის თვითმფრინავმა ავარია განიცადა. მაგრამ სამი დღის შემდეგ აღიარა, რომ ავიალაინერი, რომელიც თეირანიდან კიევში მიფრინავდა, შეცდომით ჩამოაგდო ირანის საჰაერო თავდაცვამ.

ირანის შეიარაღებული ძალების თანახმად, მათ Boeing 737 ჩამოაგდეს, ვინაიდან ის რაკეტა ეგონათ. ინციდენტი მოხდა აშშ-სთან მწვავე დაძაბულობის პერიოდში. ირანმა მოგვიანებით ინციდენტს „საშინელი შეცდომა“ უწოდა.

ჩამოგდებული თვითმფრინავის მგზავრთა შორის იყვნენ ავღანეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, ირანის, კანადის, უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG