Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს პრეზიდენტი ენგურის ტრაგედიაზე: სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მდინარე ენგურის გადაცურვისას მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს. ამის თაობაზე იგი განცხადებაში წერს, რომლის მიხედვითაც, მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულებელყოფს:

„საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეული სირთულეების გადალახვას ცდილობს.

დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურის სანაპიროზე ცოტა ხნის წინ იპოვეს მეოთხე გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი. ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ.

დღეს, 7 აპრილს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ენგურიდან ამოასვენეს სამი მოქალაქის ცხედარი.

შამგონა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფლებს, სიდას და თაგილონს ესაზღვრება.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც პერიოდულად ცდილობენ მდინარე ენგურის გადაცურვით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG