Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში საგანგაშო COVID-ვითარების შესახებ წერს


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარებას ითხოვს.

„ყველა გაჩუმებულია, მაგრამ ვითარება საგანგაშოა. ჩვენს დაბაში 30-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია. ეს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევები. მაგრამ რამდენია დაუდასტურებელი? ეს ნახევრადდაცლილი რაიონისთვის დიდი რაოდენობაა. თან სადაც ძირითადად ხანში შესულები ცხოვრობენ. სოს - მიიღეთ რაიმე ზომები“, - წერს თამარ მეარაყიშვილი „ფეისბუკზე".

დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარულ სამსახურში კი აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, თუმცა ამ მონაცემებში ახალგორის მონაცემები არ არის ცალკე შეტანილი.

გასული 24 საათის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსით 4 ადამიანი დაინფიცირდა. ამ ინფორმაციას „იუგოოსპოტრებნადზორის“ უფროსის მოადგილე ანა გაგლოევა ავრცელებს. მისი თქმით, გასულ დღე-ღამეში 76 პირის კვლევა ჩატარდა (პადემიის დაწყებიდან დღემდე 20625 ტესტია ჩატარებული). ოთხს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სულ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების 3244 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა - 2879.

ანა გაგლოევამ ასევე დააზუსტა, რომ ბოლო სამ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა გამოვლინდა. დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარული სამსახური ქალაქების და სოფლების მიხედვით ცალკე სტატისტიკას არ აქვეყნებს. შესაბამისად, უცნობია რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი ოკუპირებულ ახალგორის რაიონში. როგორც ცნობილია, ოკუპირებულ დაბაში ჯანდაცვის სისტემა დაბალ დონეზეა და იქ მცხოვრებლები ხარისხიანი სერვისის მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ან იპარებიან, ან გარკვეული დაბრკოლებების შემდეგ ლეგალურად გადმოსვლას ახერხებენ. დაბა 2019 წლის სექტემბრიდან ჩაკეტილია. ამ დროის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი მხოლოდ იმის გამო დაიღუპა, რომ ადგილზე ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისი ვერ მიიღო.

XS
SM
MD
LG