Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი იმედგაცრუებულია საქართველოს კანონმდებლობის ნაჩქარევად შეცვლის გამო


7 აპრილს ევროკავშირი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურას.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებშიც გადახედულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. ევროპის კავშირმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება ამ შერჩევის პროცესისა და გამოყენებული წესების ნაკლოვანებებზე.

მაშინ, როდესაც ევროკავშირი მიესალმება შერჩევის პროცესის საკანომდებლო ჩარჩოს ცვლილებებისკენ მიმართულ ინიციატივას, იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები კონსულტაციების ფართო პროცესის გარეშე. დასანანია, რომ საქართველომ ეს კანონმდებლობა წინათ უკვე შეცვალა დაჩქარებული პროცესით, ვენეციის კომისიისადმი დროული განაცხადის გაკეთების ან მისი საბოლოო აზრისთვის დაცდის გარეშე.

ამიტომ ევროპის კავშირი დაბეჯითებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს ვენეციის კომისიას იმის შეფასება, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები, მის წინა რეკომენდაციებს. ახალი წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დამტკიცებს, ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ყველა კანდიდატის მიმართ.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, შედგებოდეს უმაღლესი პროფესიონალური დონისა და კეთილსინდისიერების მოსამართლეებისგან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის პირობა საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფისთვის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში“, ნათქვამია ნაბილა მასრალის განცხადებაში.

მანამდე რამდენიმე ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან დახმარებებთან დაკავშირებით შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობას.

წამყვანმა ევროპარლამენტარებმა წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ წინადადებებს და განაცხადეს, რომ ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით.

კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევას ეხება, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და ერთხმად (86 ხმით) მიიღო 1 აპრილს.

კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და შალვა პაპუაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG