Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ბავარიამ ხელი მოაწერა Sputnik V-ის შესყიდვას, მარეგულირებელი უწყების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ


გერმანიის რეგიონმა, ბავარიამ, ხელი მოაწერა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის 2,5 მილიონი დოზის შესყიდვის დოკუმენტს, მას შემდეგ, რაც პრეპარატს ევროპის მარეგულირებელი უწყებები დაამტკიცებენ.

გერმანიის სამხრეთაღმოსავლეთის ამ რეგიონის პრემიერმა, მარკუს ზიოდერმა 7 აპრილს განაცხადა, რომ ბავარიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს Sputnik V-ის მიწოდების შესახებ. თუ ამ პრეპარატს დაამტკიცებს ევროპის წამლების სააგენტო, (EMA), ბავარია მიიღებს 2,5 მილიონამდე დოზას, იმ კომპანიის გავლით, რომელიც ვაქცინას ქალაქ ილერტისენში აწარმოებს - ამბობს ზიოდერი.

ილერტისენში პრეპარატის წარმოება შეიძლება მიმდინარე წელსვე დაიწყოს - ამბობს ბავარიის ჯანდაცვის მინისტრი, კლაუს ჰოლეტსჩეკი. მისი თქმით, მემორანდუმი მოიცავს წამლის იმპორტის შესაძლებლობასაც. "ეს ძალიან ეფექტიანი ვაქცინაა" - დასძენს რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი.

EMA ამ პერიოდში Sputnik V-ის შესწავლის პროცესშია და, გავრცელებული მოლოდინით, ის მიმდინარე თვეში რუსეთში ექსპერტებს გაგზავნის. რუსეთმა ეს პრეპარატი გამოსაყენებლად აგვისტოში დაამტკიცა, რითიც Sputnik V გახდა COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი დამტკიცებული ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ცდები იმ დროს ჯერ დასრულებული არ იყო.

7 აპრილს ალჟირმაც გამოაცხადა სიახლე Sputnik V-ისთან დაკავშირებით - რომ სექტემბრიდან, მოსკოვთან თანამშრომლობით, ის ამ ვაქცინის წარმოებას დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG