Accessibility links

site logo site logo

ბასილაია მელიას სასამართლოზე: ყველაფერი დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ პროცესთან და არა სამართლებრივ განხილვებთან


ბექა ბასილაია

ნიკა მელიას ერთ-ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია ვარაუდობს, რომ მელიას სასამართლო პროცესი მეტ-ნაკლები იზოლაციის ფორმით, მეტ-ნაკლებად ტემპერატურის დაწევით წარიმართება იმის საჩვენებლად, რომ თითქოსდა სასამართლო დარბაზში სამართლებრივი საკითხები განიხილება. ამის გამოხატულებად მიიჩნევს ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას პროცესის ტრანსლირებაზე უარის თქმის შესახებ. იგი ვარაუდობს, რომ მომდევნო სხდომაზე, რომელიც 13 აპრილს ჩაინიშნა, კიდევ უფრო მკაფიო და ნათელი გახდება, რომ ქვეყანას სასამართლო არ ჰყავს.

"17 თებერვალს მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ჩვენ მართლმსაჯულება არ გვყავს, მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ მართლმსაჯულება, პროკურატურა, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო, ესენი ყველანი არიან ერთი დიდი სიმბიოზი. და ამ ფონზე საუბარი, რომ ქვეყანაში ინსტიტუციები ფუნქციონირებს, სიმართლის დამტკიცება შესაძლებელია და ასე შემდეგ, ეს გაუქმდა 17 თებერვალს. შესაბამისად 13-შიც რაც იქნება და მომდევნო პროცესებზე რაც იქნება, თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან და არა სასამართლო სამართლებრივ განხილვებთან“, - უთხრა ბექა ბასილაიამ რადიო თავისუფლებას.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა 13 აპრილს გაგრძელდება. 8 აპრილს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ მისი სხდომათა დარბაზში დაბრუნებაზე იმსჯელა და დააკმაყოფილა.

17 აპრილს 2 თვე შესრულდება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა, ეს კი კანონით სასამართლოს ავალდებულებს გადახედოს წინა გადაწყვეტილებას.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მელიას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მან "უსამართლო გირაოს" გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით, რაც სსასამართლომ დააკმაყოფილა. მანამდე პარლამენტმა დააკმაყოფილა პროკურატურის მიმართვა და მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა.

საქართველოს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული არ იყო. მისი, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი იყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG