Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად წავიღოთ გატეხილი თერმომეტრი?


ნებისმიერი სახლი სავსეა სხვადასხვა ნივთითა თუ ნივთიერებით, რომელიც, შესაძლოა, სახიფათო გახდეს იმ შემთხვევაში, თუ მას ვადა გაუვიდა, გაფუჭდა, დაიღვარა ან დაიყარა. სახიფათო ნარჩენების მოშორება ძალიან ძნელი, ხანდახან კი შეუძლებელია.

რამდენიმე დღის წინ თერმომეტრი გამიტყდა. ახლა, როცა სიცხის გაზომვა ყოველდღიურ რუტინად იქცა, იგივე შეიძლება ძალიან ბევრს დაემართოს. შუშა გატყდა, მაგრამ თავად ვერცხლისწყალი არ დაღვრილა. თერმომეტრის ჩვეულებრივ სანაგვე ურნაში ჩაგდება არ შეიძლება, მაგრამ სად უნდა წავიღო?

ღამე იყო. ჯერ ინტერნეტს ჩავუჯექი, საიდანაც გავიგე, რომ ვერცხლისწყლის გაჟონვისა და შემდეგ აორთქლების თავიდან ასაცილებლად თერმომეტრი წყლიან ქილაში უნდა შემენახა. ინფორმაცია რამდენად სანდო იყო, ახლაც არ ვიცი, მაგრამ ასე მოვიქეცი, ქილას თავი დავხურე და 112-ში დავრეკე. ამ ნომერზე ხანდახან მაშინაც რეკავენ, როცა სხვაგან სად უნდა დარეკონ არ იციან. 112-ში მიპასუხეს, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის, სანიტარიულ სამსახურს მიმართეო. ნომერს ჩვენ ვერ მოგცემთ, საინფორმაციოს მიმართეთ“, - მითხრეს.

მივმართე საინფორმაციოს, რომელმაც სანიტარიული სამსახურის ნომერი მომაწოდა. გათენებას დაველოდე და ახლა იქ დავრეკე. ველოდი, რომ ვინმე ან სახლში მომაკითხავდა სახიფათო ნივთიერების გასანეიტრალებლად, ან მე მიმატანინებდა მათთან.

მარგანცოვკისხსნარში ჩადევით თერმომეტრი, 15 წუთში დაიჟანგება და გადააგდეთ, - მითხრეს სანიტარიულ სამსახურში.

ავუხსენი, რომ ვერცხლისწყალი დაღვრილი არ იყო, ანუ გამოდის, რომ თერმომეტრი მე უნდა გამეტეხა. ამ შემთხვევაში არ ვიცი, რა უნდა ქნათ“, - მოკლედ მიპასუხეს და ტელეფონი გამითიშეს.

რადგან სხვა გზა არ ჩანდა, გადავწყვიტე მართლაც გამეტეხა უკვე გატეხილი თერმომეტრი, ვერცხლისწყლისთვის კი კალიუმის პერმანგანატი - ე. წ. „მარგანცოვკა“ - დამესხა. მაგრამ აქ მეორე პრობლემამ იჩინა თავი: სად გინდა იშოვო ნივთიერება, რომელიც აფთიაქებში უკვე აღარ იყიდება და არც შეკვეთით ამზადებენ.

მოკლედ, რამდენიმედღიანი რეკვისა და რკვევის შემდეგაც კი ჩემი თერმომეტრი ისევ სოიოს ყველის ქილაშია მოთავსებული და ისევ არ ვიცი, როგორ მოვიშორო თავიდან.

როცა ნაგავი გვემუქრება

თერმომეტრი ერთ-ერთია იმ საჭირო საგნებიდან, რომელთა დაზიანებაც თავს აგატკივებთ. მის გარდა არსებობს აბაზანისა და სამზარეულოს ხსნარები, მჟავები, ვადაგასული წამლები, ნახმარი შპრიცები, ელექტრონული ხელსაწყოები, ელემენტები, მანქანის ნაწილები, საღებავები, შხამქიმიკატები... ამჟამად ეს ყველაფერი ჩვეულებრივ სანაგვეზე იყრის თავს, რადგან სხვაგან წაღების საშუალება ან არ არის, ან იმდენად რთული პროცედურები უნდა დაიცვათ, რომ მისია შეუსრულებელი დაგრჩებათ.

წესით, არ შეიძლება ესენი ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე მოხვდეს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. მაგალითად, ელექტრონულ ნარჩენებს დღეს ვერსად წაიღებ“, - ამბობს კავკასიის გარესმოდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი, ნინო თევზაძე.

სახიფათო ნარჩენად ითვლება ნარჩენი, რომელსაც ერთი ან რამდენიმე სახიფათო თვისება აქვს, მაგალითად, აალებადია ან ტოქსიკური, ან ორივე ერთად. ამიტომ სახიფათო ნარჩენების სია საკმაოდ დიდია. კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად არეგულირებს, მაგალითად, სამედიცინო ნარჩენების ან შხამქიმიკატების უტილიზაციას, თუმცა მხოლოდ იურიდიული პირების შემთხვევაში. მაგალითად, თუ ფერმერს ვადაგასული შხამქიმიკატები დაუგროვდა, ის მათ შესაბამის კომპანიას ჩააბარებს. მომსახურება ფასიანია.

რაც შეეხება ფიზიკურ პირს, ამ მხრივ რეალობა და კანონი ერთმანეთს არის აცდენილი, - ამბობს გარემოსდაცვითი კონსულტანტი კახა რუხაია. კანონი ადამიანს ავალდებულებს სახიფათო ნარჩენი ჩვეულებრივ ურნაში არ ჩააგდოს, მაგრამ სერვისები, რომელთა მეშვეობით მსგავსი ნაგვის გადამუშავება იქნება შესაძლებელი, ხელმისაწვდომი არ არის, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ჩასაბარებელი პუნქტი, შესაძლოა, სახლიდან ორასი კილომეტრის დაშორებით იყოს.

ვიღაცა, ზემო იმერეთში რომ ცხოვრობს და ორი კილო აგროქიმიკატი დარჩა, როგორ წარმოგიდგენიათ, რუსთავში ჩამოვა ჩასაბარებლად? სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ხალხს მსგავს სერვისებზე ხელი მიუწვდებოდეს“, - ამბობს ის.

კახა რუხაიას თქმით, არათუ სახიფათო ნარჩენების, ქვეყანაში ჩვეულებრივი ნაგვის შეგროვებაც კი პრობლემაა. დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში სანქცირებულ ნაგავსაყრელებზე ნაგვის მხოლოდ 60-70% ხვდება, დანარჩენ 20-30 %-ს მოსახლეობა ხევებსა და მდინარეებში ყრის.

მართლა სახიფათოასახიფათო ნარჩენები“?

რაც კი ცუდი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ყველაფერს იწვევს. მაგალითად, პლასტმასის ბოთლი თითქოს უვნებელია, რადგან აალებადი და ტოქსიკური არ არის, მაგრამ, ბოლო კვლევების მიხედვით, სისხლშიც კი არის უკვე პლასტმასის კვალი. რაღა ითქმის მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებზე, ისეთებზე, როგორიცაა დიოქსინები და ფურანები. მათთან დაკავშირებით სპეციალური კონვენციაც კი არის მიღებული, სადაც წერია, რომ სიმსივნის წარმოქმნას უწყობენ ხელს“, - ამბობს კახა რუხაია.

„მწვანე ალტერნატივის“ ანალიტიკოსის, ქეთი გუჯარაიძის, თქმით, მას, როგორც გარემოსდამცველს, დიდ პრობლემებს უქმნის ის ფაქტი, რომ სახიფათო ნარჩენების ჩაბარების საშუალება არ არსებობს.

„გამოყენებულ ბატარეებს, წლებია, სახლში ვაგროვებ. არ ვიცი, როდემდე შევაგროვებ ან მერე სად წავიღებ. მსხვილ ელექტროტექნიკას რაც შეეხება, ძველი ტელევიზორები გავაჩუქე, რომ ჩემს მერეც ვინმეს გამოეყენებინა. არ არსებობს ინფრასტრუქტურა, სადაც ამგვარ ნარჩენს ცალკე შეაგროვებ, მაგალითად, მაცივარს, ლაქებს, საღებავებს... ძალიან ვწვალობ ამის გამო“, - ამბობს ის.

ქეთი გუჯარაიძის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული ბატარეები
ქეთი გუჯარაიძის მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული ბატარეები

2020 წელს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს, რომ პროდუქციის მწარმოებელი - ისევე როგორც მისი ბაზარზე განმათავსებელი - ვალდებულია ამავე პროდუქციაზე მაშინაც იზრუნოს, როდესაც ის უკვე გამოუსადეგარი ხდება. ანუ უნდა შეიქმნას ჩასაბარებელი პუნქტები, სადაც მოსახლეობა უკვე გაფუჭებულ ნივთებს მიიტანს. ეს ცვლილება ეხება ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენებს, ზეთებს, საბურავებს, ელექტრომოწყობილობებს. 1 სექტემბრამდე მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა მოიფიქრონ დეტალური სქემა, როგორ განხორციელდეს მთავრობის თეორიული დადგენილება პრაქტიკაში.

რაც შეეხება იმ სახიფათო ნარჩენების მოვლა-პატრონობას, რომელთან დაკავშირებითაც კანონი უკვე არსებობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ სერვისით უზრუნველყოფა თვითმმართველი ორგანოების ვალდებულებაა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG