Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიზანი უკრაინასთან დაკავშირებით გარკვეულწილად ძალის დემონსტრირებაა


ნიკა ჩიტაძე
ნიკა ჩიტაძე

რუსეთის მიზანია გარკვეულწილად მოახდინოს ძალის დემონსტრირება და უჩვენოს დასავლეთს, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ის არის ბატონ-პატრონი შავი ზღვის რეგიონში, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ. იგი ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ინტერვენციის შემთხვევაში რუსეთს დიდი პრობლემები შეექმნება:

„ავღანეთში 3 დღეში კი დაიკავეს ქაბული და მთავარი ქალაქები, მაგრამ 10 დღე მოუწიათ დარჩენა, ამიტომაც ძალზედ რთულია. მით უმეტეს უკრაინა ავღანეთი არ არის და გაცილებით უფრო ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. იგი არ გამორიცხავს, რომ ვითარება რეგიონში მასშტაბურად აირიოს და ხაზს უსვამს იმასაც, რომ 2014 წელთან შედარებით ვითარება განსხვავებულია.

„ყირიმის ომის დროს 2014-ში ფაქტიურად უკრაინას წინააღმდეგობა არ გაუწევია და რატომ. იმიტომ, რომ ყირიმის მოსახლეობის 60% -ზე მეტმა მხარი დაუჭირა ყირიმის უკრაინასთან შეერთებას. თვითონ ყირიმის მოსახლეობა მხარს უჭერდა რუსეთს, სამწუხაროდ. უკრაინა იმ რეალობას, ასე ვთქვათ, შეეგუა. მაგრამ რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინას, მოგეხსენებათ უკრაინის შეიარაღებული ძალები აუცილებლად გაუწევენ წინააღმდეგობას რუსეთს. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღემატება 200 000 სამხედრო მოსამსახურეს და შეუძლია მილიონზე მეტი რეზერვისტის მობილიზაცია“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „დილის საუბრებში“.

ბოლო დღეებში უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლების, „დასავლეთი 2021“ საბაბით ახდენს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზაციას და მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს. უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა და ნატომ. საპასუხოდ, კრემლში აცხადებენ, რომ სამხედროების გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა და არავის უნდა აშფოთებდეს. რუსეთმა უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა „ისტერიკამდე მისულ რუსოფობიაში“.

უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში 7 წლის წინ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი, მიუხედავად არაერთგზის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სინამდვილეში, კვლავ გრძელდება. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი კაცი დევნილად იქცა.

XS
SM
MD
LG