Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ძებისაშვილი: რუსეთის სტრატეგიული მიზანი მთლიანად უკრაინის შთანთქვაა


ლაშა ძებისაშვილი
ლაშა ძებისაშვილი

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი უკრაინის საკითხის მოგვარებას დიდი რუსული პროექტის ნაწილად მიიჩნევს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ იგი ამბობს, რომ ამას პირობითად შეიძლება ეწოდოს პოსტსაბჭოთა სივრცის, ან დიდი რუსეთის იმპერიის აღდგენის პროექტი. ლაშა ძებისაშვილი ამბობს, რომ რუსეთისთვის ნათელია, რომ ამ გეგმას იგი უკრაინის გარეშე ვერ განახორციელებს:

„იცის პუტინმა, რომ უკრაინა არის ფუნდამენტის ის ძირითადი ქვა, რაზეც მერე აწყობილი იქნება მთელი მისი კონსტრუქცია დიდი რუსეთის, დავარქვათ ამას პირობითად. შემდგომ მოდის ყაზახეთი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მიდგომა, რომ რა თქმა უნდა უკრაინა უნდა შევიდეს ამ ეგრეთ წოდებულ ახალ რუსულ სამყაროში, ეს არავის არ მოუხსნია დღის წესრიგიდან. მათ შორის პუტინმა იცის, რომ ეს გეგმა განხორციელებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად უკრაინა შევიდა ამ პროექტში და არა ნაწილობრივ, პირობითად, დონბასი, ლუგანსკი თუ ყირიმი“, - განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი უკრაინის მთლიანად შთანთქმაა:

"მთლიანად უკრაინას შთანთქავს ის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა მთლიანად უკრაინაში. ანუ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მისი მთავარი ამოცანა არის უკრაინის განიარაღება, მისი შეიარაღებული ძალები სწრაფი დამარცხება-განადგურება, რაც ავტომატურად ურევს პოლიტიკურ სიტუაციას მთლიანად უკრაინაში“, - განაცხადა ლაშა ძებისაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ვითარების დაძაბვა უკრაინის მიმართულებით ავტომატურად ნიშნავს რისკების გაზრდას საქართველოსთვისაც. იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები გარკვეულ პერიოდში აქტუალური გახდეს საქართველოსთვისაც.

ბოლო დღეებში უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლების, „დასავლეთი 2021“ საბაბით ახდენს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზაციას და მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს. უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა და ნატომ. საპასუხოდ, კრემლში აცხადებენ, რომ სამხედროების გადაადგილება რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა და არავის უნდა აშფოთებდეს. რუსეთმა უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა „ისტერიკამდე მისულ რუსოფობიაში“.

უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში 7 წლის წინ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი, მიუხედავად არაერთგზის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სინამდვილეში, კვლავ გრძელდება. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი კაცი დევნილად იქცა.

XS
SM
MD
LG