Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას ოკუპაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ოკუპაციის თემა ყველაზე საკრალურია და მასთან დაკავშირებით „არ უნდა ისმოდეს „აბსურდული“ ბრალდებები ერთმანეთის მიმართ: “არაფერს აკეთებენ“ ან „ენგურის ხიდი ჩაკეტეს“ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან კარგად ვიცით, ვინ ჩაკეტა ენგურის ხიდი და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი“.

შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტმა ქვეყნის გარედან შესაძლო მანიპულირების საკითხს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ სიფრთხილის შემთხვევაში არ მოხდებოდა ინციდენტები, რომლებიც პოზნერსა და გავრილოვს უკავშირდება:

„მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობასა და მათი პოზიციების დაფიქსირებას მოითხოვს.

რუსეთის "პირველი არხის" ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი თბილისში თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოვიდა დაბადების დღის აღსანიშნავად, თუმცა საპროტესტო აქციების გამო იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 31 მარტს, ღამით სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტი მწვავე ფორმებით გამოხატეს, მათ შორის, კვერცხები დაუშინეს საასტუმროს, სადაც ის იმყოფებოდა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილეს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი. მან პრეზიდენტის რანგში გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა.

ასამბლეის სხდომა ოპოზიციის ძალისხმევით ჩაიშალა. აღელვებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გავრილოვს თბილისის დატოვება აიძულა. პროტესტმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა და გაიმართა მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია, რასაც პოლიციის მხრიდან დემონსტრატების დაშლა მოჰყვა. აქციის მონაწილეების ნაწილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, მათ შორის, ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG