Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჟისორ ვიტალი მანსკის თავს დაესხნენ ფესტივალ "არტდოკფესტის“დროს


კრემლის მხარდამჭერი მოძრაობა „სერბის“ აქტივისტები თავს დაესხნენ რეჟისორ ვიტალი მანსკის, მოსკოვში მიმდინარე ფესტივალ „არტდოკფესტის“ მსვლელობის დროს. ამის შესახებ რეჟისორმა თავად აცნობა რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

მანსკი, რომელიც ამ ფესტივალის დამფუძნებელია, 9 აპრილს ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტებს, რა დროსაც მასთან მიიჭრა რამდენიმე კაცი. ერთი-ერთი შეეცადა მისთვის კისერზე ნაჭრის შემოხვევას.

კონფლიქტში ირგვლივ მყოფი ადამიანები ჩაერივნენ და თავდამსხმელები გააქციეს. ინციდენტის შედეგად მანსკი არ დაშავებულა და თავს კარგად გრძნობს.

დოკუმენტური კინოს ფესტივალი მოსკოვში 2-9 აპრილის განმავლობაში მიმდინარეობს. ამავე დღეებში ფესტივალი უნდა გამართულიყო პარალელურად სანკტ-პეტერბურგშიც, მგარამ იქ ფილმების ჩვენება გაუქმდა ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო.

7 აპრილს მოძრაობა „სერბის“ აქტივისტები შეეცადნენ ჩაეშალათ ბელარუსი რეჟისორის, არტიომ ლობაჩის ფილმის „გზა შინისაკენ“ ჩვენება. მასში საუბარია რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მცხოვრებლების გადასვლაზე უკრაინულ სოფელში.
ფესტივალის ჩვენებიდან მოიხსნა ორი ფილმი ჩეჩნეთის შესახებ: რეჟისორ რეკა ვალერიკის „წყნარი ხმა“ და მარიანა კალმიკოვას „დოაზუვ-საზღვარი“. პირველი ჩეჩნეთიდან გაქცეული შერეული ორთაბრძოლების ხელოვნების გეი-მებრძოლის ისტორიაზეა, მეორე კი შეეხება ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის სასაზღვრო ტერიტორიების გამო 2018 წელს მომხდარ კონფლიქტს.

პირველ შემთხვევაში ფილმის გამო ფესტივალის ორგანიზატორებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში ფილმს გაქირავების მოწმობაზე კულტურის სამინისტრომ უთხრა უარი.

XS
SM
MD
LG