Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება.

„უქმე დღეები ნიშნავს რომ ის არის ყველასთვის", - თქვა ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

რაც შეეხება თარიღებს, მისი განმარტებით, „მანამდე დღესასწაულებია, მოგეხსენებათ, შემდეგ შაბათ-კვირა უწევს, შემდგომ ისევ დღესასწაულია, 12 მაისი. შესაბამისად, ეს დღეთა რაოდენობა იქნა ამის მიხედვით განსაზღვრული".

საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიებების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG