Accessibility links

site logo site logo

„გადაადგილების უფლება არ გაქვსო“ - დააკავეს „რიონის ხეობის მცველი“, რომელიც ნამოხვანში ბრუნდებოდა


პოლიციას ბლოკირებული აქვს გზა რიონის ხეობაში. (ფოტო არქივიდან)

განახლება: ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო რიონის ხეობის „მცველი“ ლაშა ქუთათელაძე, რომელიც ხეობაში გადაადგილების დროს დააკავეს.

9 აპრილს გვიან ღამით მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე დააკავეს, როდესაც ის სოფელ ნამოხვანში ბრუნდებოდა ქუთაისი-ალპანის გზით. პოლიცია - რომელიც აქტივისტებს გადაადგილებას უზღუდავს - ქუთათელაძე, ორ თანმხლებ პირთან ერთად, გააჩერა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

ლაშა ქუთათელაძის თანმხლები პირები გაფრთხილების საფუძველზე გაუშვეს. ლაშა კი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ქუთაისში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო 10 აპრილს გაიმართება. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილიდან. სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამართალდამცველები არ ატარებენ იმ პირებს, რომლებიც მათი მოსაზრებით შესაძლოა სოფელ ნამოხვანში კარვებში მყოფ აქტივისტებს შეუერთდნენ.

4 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციელებმა წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს ზარათში მცხოვრები მირიან მაღლაფერიძე, რომელიც იმავე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. მაღლაფერიძემ პოლიციელებს უთხრა, რომ მეზონელ სოფელში პურის საყიდლად სურდა წასვლა.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 167 დღეა კარვებია გაშლილი, აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც.

სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა. კომპანიამ გასული წლის ზაფხულიდან რამდენიმე ადგილზე ერთდროულად დაიწყო მშენებლობა და მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე აშენებულია 500 ადამიანზე გათვლილი დროებითი ბანაკი, დაწყებულია ბეტონის ქარხნის და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზებისა და ხიდების მშენებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG