Accessibility links

site logo site logo

პოლიციის მაღალჩინოსანი ერთი პირის უკანონო დაკავების გამო დააკავეს


შს სამინისტრო არ ავრცელებს დამატებით ინფორმაციას ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, შ.ზ.-ს დაკავების ფაქტთან დაკავშირებით. უწყებაში რადიო თავისუფლებას დეტალების დაუკონკრეტებლად გაუმეორეს მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი ერთი პირის „განზრახ უკანონო დაკავების“ ბრალდებით დააკავეს.

შ.ზ.-ს, იგივე შალვა ზამბახიძის დაკავებას წინ უსწრებდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება. „შაბათის მთავარში“ გასული სიუჟეტის თანახმად, დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე სავარაუდოდ „ვოთსაფის“ საშუალებით ელაპარაკება ბერ იონას, რომელსაც ასარჩევად დაპატიმრების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს: „ბინის ქურდობა“, „საქონლის ქურდობა“, „აბრეზით“, „წამლით“. ბერი ამტკიცებს, რომ უკანონო დაპატიმრების დავალება მაღალი იერარქიის სასულიერო პირისგან მოდიოდა.

სიუჟეტიდან ირკვევა, რომ შალვა ზამბახიძის მიერ შეთავაზებული ვარიანტებიდან ბერმა „აბრეზთან“ დაკავშირებული დანაშაული აირჩია. შემდეგ, ზამბახიძე მას მარნეულში ჩასვლას სთავაზობს და ვიდეომასალით დასტურდება მათი შეხვედრაც.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შ.ზ. სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ზ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება“, - ვკითხულობთ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა საპატრიარქოს პრესსამსახურთან დაკავშირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG