Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმები "თეთრი სპილოს" პრემიით დააჯილდოვეს


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დოკუმენტურ საგამოძიებო ფილმებს კინოკრიტიკოსთა პრემია „თეთრი სპილო“ მიენიჭა „წლის მოვლენის“ ნომინაციაში. კრემლის კრიტიკოსი კოლონიაში იხდის სასჯელს ვლადიმირის მხარეში, ამიტომ მის ნაცვლად პრემია გადაეცა ფილმის მემონტაჟეს, ალექსანდრ დუბროვსკის.

მთავარი პრიზი მიენიჭა ანდრეი კონჩალოვსკის ფილმს „ძვირფასო ამხანაგებო“. მანამდე კონჩალოვსკიმ მოითხოვა, ნომინაციიდან მოეხსნათ მისი კინოფილმი პრემიის პოლიტიზაციის გამო, ვინაიდან მასზე წარდგენილი იყო ნავალნის ფილმები.

კინოკრიტიკოსმა ანტონ დოლინმა, რომელმაც გადასცა პრემია კონჩალოვსკის ფილმს, განაცხადა, რომ „თეთრი სპილოს“ რეგლამენტი არ ითვალისწინებს კონკურსიდან ფილმის მოხსნას არც კინოკრიტიკოსების, არც რეჟისორის განცხადების საფუძველზე.

პრემიის ორგანიზატორებმა The Insider-თან საუბარში აღნიშნეს, რომ წელს სირთულეებს წააწყდნენ იმის გამო, რომ ნავალნისა და მისი შემოქმედებითი ჯგუფის დაჯილდოება გადაწყვიტეს. პრემიის დამფუძნებელთა შემადგენლობიდან გავიდა რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის კინომცოდნეთა გილდია, ამიტომ ცერემონია ტრადიციისამებრ კინოს სახლში ვეღარ ჩატარდა. საბოლოოდ პრემიების გადაცემის ადგილად შეირჩა სახაროვის ცენტრი. ვინაიდან მასში ვერ მოთავსდა ყველა მსურველი, ცერემონიის ნაწილი ონლაინ ფორმატში გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG