Accessibility links

site logo site logo

„სიგამხდრის ტირანია“ და სხეულის შიში: რევოლუციური წიგნი ქალების და საკუთარ თავთან დაბრუნების შესახებ


სალომე ასათიანის პოდკასტი

„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ეძღვნება წიგნს, რომელსაც 40 წელზე მეტია მილიონობით ქალი კითხულობს და რომელიც დღეს უკვე ფემინისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ კლასიკურ ტექსტად ითვლება. ესაა წიგნი უბოდიშო სათაურით - „ცხიმი ფემინისტური საკითხია“, რომლის ავტორია დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი, სიუზი ორბახი - ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოთერაპევტი, მწერალი და პუბლიცისტი.

„სიუზი ორბახი - ფსიქოლოგი, რომელიც თავის დროზე პრინცესა დაიანას ფსიქოთერაპევტი იყო - არის ლონდონის ქალთა თერაპიის ცენტრის დამაარსებელი, გაზეთ გარდიანის ავტორი და ლონდონის ეკონომიკის სკოლის ყოფილი პროფესორი. ის ავტორია 1978 წელს გამოცემული ბესტსელერისა ‘ცხიმი ფემინისტური საკითხია’, და, ზიგმუნდ ფროიდის შემდეგ, ალბათ ყველაზე ცნობილი ფსიქოთერაპევტია, ვისაც კი ბრიტანეთში ფსიქოლოგის ტახტი დაუდგამს“ - ასე აღწერს ამ ავტორს ნიუ-იორკ ტაიმსი.

სიუზი ორბახს ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი აქვს დაწერილი - ის წერს ფსიქოანალიზის ფემინისტურ მიდგომებზე, ქალების მეგობრობის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, ფსიქოთერაპევტის და პაციენტის რთულ ურთიერთობაზე. მაგრამ მისი, როგორც ავტორის, უმთავრეს ტექსტად მაინც „ცხიმი ფემინისტური საკითხია“ რჩება - რევოლუციური, ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელშიც აღიწერა ქალების შფოთით, დაძაბულობით და შიშით დამუხტული მიმართება საკუთარ სხეულებთან, და გამოიკვეთა კავშირი ცალკეული ქალების გამოცდილებებს და სხეულის, საკვების, სიმსუქნისა და სიგამხდრის პოლიტიკურ და სოციალურ განზომილებებს შორის.

სიუზი ორბახი
სიუზი ორბახი

ამ წიგნში სიუზი ორბახმა გააანალიზა სიმსუქნის და სიგამხდრის არაცნობიერი მნიშვნელობები და შეკითხვით, რატომ ჭამენ ადამიანები მაშინ, როცა ფიზიკურად არ შიათ, პირდაპირ თქვა - სიმსუქნე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ არასწორი, თუ ჭარბი კვება. თანამედროვე, უთანასწორო და პატრიარქალურ საზოგადოებებში, რომლებშიც სილამაზის მიუღწეველი სტანდარტების და, ცნობილი ფემინისტური ტერმინით, „სიგამხდრის ტირანია“ მეფობს, კვებითი აშლილობა და სხეულზე ცხიმი ხშირად კომპლექსური, არაერთგვაროვანი და ემოციური რეაქციაა ადამიანის ფსიქოლოგიურ, თუ სოციალურ მდგომარეობაზე - და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიმსუქნე უსაფრთხოდ ყოფნის, მტრული და ტრავმული გარემოსგან ერთგვარი გარსის ქონის ემოციურ და არაცნობიერ სურვილს გამოხატავს. და ეს, უწინარესად, ქალებს ეხება, სილამაზის იდეალებს და ქალის იდენტობას შორის კომპლექსური კავშირის გამო. კი, უწინდელ ეპოქებთან შედარებით დღეს ქალებს ბევრგან მეტი ძალაუფლება, მეტი უფლებები, მეტი პროფესიონალური წარმატება აქვთ - მაგრამ გარეგნული სრულყოფილების მოთხოვნა მათზე კვლავ სოციალური კონტროლის ძლიერ, და ხშირად დამანგრეველ მექანიზმად რჩება.

„მსოფლიოს გარშემო, საკლასო ოთახებში გოგონები ერთმანეთს უზიარებენ რჩევებს როგორ ჭამონ ნაკლები, როგორ ივარჯიშონ მეტი და როგორ მიბაძონ იმ სრულყოფილ სხეულებს, რომლებიც ყველგან თვალში ხვდებათ - მუსიკალურ ვიდეოკლიპებში, ტელესერიალებში, მოდის ჩვენებებზე, ჟურნალებში და ბილბორდებზე. ამ გოგოებმა სადღაც იციან, რომ ეს სხეულები არ არის ბოლომდე ნამდვილი - რომ ისინი შეცვლილია ქირურგიით, განათებით, კამერის პერსპექტივით და დიგიტალური მანიპულაციით, რათა უფრო გრძელი ფეხები, უფრო ვიწრო წელი, უფრო დიდი მკერდი და უფრო მრგვალი საჯდომი გამოუჩნდეთ. მაგრამ ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს“ - წერს ორბახი თავისი წიგნის ჯერჯერობით ბოლო, 2016 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში, და განაგრძობს: „სხეული დღეს თითქმის განსაზღვრავს ბევრი ქალის ცხოვრებას. მათი ფიქრები დაპყრობილი აქვს შფოთს, იქნება თუ არა მათი სხეულები მისაღები, ლამაზი, სექსუალური და სასურველი - სწორად მიჩნეული ზომისა, თუ ფორმის. ამაზე ადამიანის უდიდესი ენერგია იხარჯება“.

რატომ გავხდით ასე შეპყრობილები ჩვენი სხეულებით, როდის შეგვეშინდა სხეულის და საკვების? რა არის ის პრობლემა, რომელიც იწვევს უამრავი გოგოს თუ ქალის მტკივნეულ გამოცდილებას - აკვიატებულ, კომპულსიურ ჭამას, საერთოდ არ ჭამას, გულისრევას, მუდმივ დიეტებს, აკრძალვებს, საკუთარი თავის სიძულვილს და ობსესიურ ვარჯიშს? ეს არის მთავარი შეკითხვები, რომლებსაც სიუზი ორბახი სვამს და მათ თანამედროვე კულტურის სხვადასხვა ასპექტის გაანალიზებით პასუხობს. „კაპიტალიზმი ბევრად უკეთ მუშაობს, თუკი ჩვენ ჩვენი სხეულები გვძულს“ - ამბობს ის და დღევანდელ, სამომხმარებლო კულტურაში „სხეულის სიძულვილით მოვაჭრეებზე“ ლაპარაკობს. დღეს სხეულის ყველა სანტიმეტრისთვის არსებობს მასთან დაკავშირებული პროდუქტი - იქნება ეს კოსმეტიკური პროდუქტი, ქირურგიული, დეპილაციის პროდუქტი, თუ საკვები პროდუქტი, და კოლოსალური ზომის ინდუსტრიები ეფუძნება ჩვენს თავში არსებულ მოსაზრებას, რომ სხეულები დისციპლინას უნდა დავუქვემდებაროთ, რომ ისინი უნდა შევცვალოთ, რათა მივუსადაგოთ მისაღებად მიჩნეულ ფორმებსა თუ სტანდარტებს.

სიუზი ორბახი გვიყვება თავისი რევოლუციური წიგნის დაწერის ისტორიაზე, მისი, როგორც ქალების ფსიქოლოგის მდიდარ გამოცდილებაზე, სიმსუქნის კლასობრივ, სოციალურ განზომილებაზე. ეპიზოდის მეორე ნახევარში დეტალურად ვსაუბრობთ იმ ფსიქოლოგიურ, არაცნობიერ ფაქტორებზე, რომლებიც ხშირად კვებით აშლილობებთანაა ხოლმე კავშირში - იქნება ეს საფრთხეზე, ტრავმაზე რეაქცია თუ არაცნობიერი ამბოხება მუდმივი სტრესის, უთანასწორობის, ჩაგვრის წინააღმდეგ. ბოლოს კი ჩვენი სტუმარი იმ რჩევებსაც გვაძლევს, რომლებითაც ის საკუთარ მკითხველს და პაციენტებს საკვებისა და სხეულების შიშის გადალახვაში, და საკუთარ თავთან დაბრუნებაში ეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG