Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა და სტოლტენბერგმა განიხილეს უკრაინის საზღვრებთან შექმნილი ვითარება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან განიხილა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხი. სტოლტენბერგთან საუბრის შემდეგ ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვრებთან სამხედროების საშიში თავმოყრა და აგრესია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა დახმარება რუსეთის მხრიდან აგრესიის მოსაგერიებლად. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის კარგი მეგობარია, თუმცა, პრეზიდენტმა ბაიდენმა მეტი უნდა გააკეთოს რუსეთის შესაკავებლად და უკრაინას დაეხმაროს ქვეყნის აღმოსავლეთში კონფლიქტის დასასრულებლად. ზელენსკის თანახმად, უკრაინას სამხედრო და ფინანსური დახმარების გარდა სჭირდება თანადგომა ნატოში გასაწევრიანებლად და თუ აშშ უკრაინას ალიანსის წევრად ხედავს, ეს პირდაპირ უნდა თქვას და რაღაც გააკეთოს.

უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის შესახებ ცნობილი გახდა აპრილის დასაწყისში. უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ახალი აგრესიისთვის მზადებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამხედროების გადაადგილებას საკონტროლო შემოწმება უწოდეს, კრემლში კი განაცხადეს, რომ სამხედრო ძალები რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან და ეს არავის უნდა აღელვებდეს.

XS
SM
MD
LG