Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია მიწისძვრით დანგრეული "ფუკუშიმიდან" დაბინძურებულ წყალს ოკეანეში ჩაღვრის


იაპონია წყნარ ოკეანეში ჩაღვრის მილიონ ტონაზე მეტ წყალს, რომელიც მიწისძვრის და ცუნამის შედეგად 2011 წელს დანგრეული ატომური ელექტროსადგურის, "ფუკუშიმას" რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენეს. გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ მიიღო.

რადიოაქტიური წყალი ამჟამად სპეციალურ საცავებშია, რომლებიც სულ უფრო ივსება, რადგან ბირთვული რეაქტორის ჰერმეტული გარსიდან წყლის გაჟონვა გრძელდება. იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოკეანეში წყლის ჩაღვრა ყველაზე რეალისტური ვარიანტია. დაგროვილი რადიოაქტიური წყლის პრობლემის გადაჭრის გარეშე ელექტროსადგურის საბოლოოდ დაკონსერვება შეუძლებელია.

"ფუკუშიმას" დანგრეული რეაქტორები. 2011 წლის მარტი
"ფუკუშიმას" დანგრეული რეაქტორები. 2011 წლის მარტი

ოკეანეში წყლის ჩაღვრის საკითხს იაპონიის მთავრობა რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილავდა გარემოზე მავნე ზემოქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე.

იაპონიის მთავრობის გეგმით, ოკეანეში წყლის ჩაღვრამდე რადიოაქტიური წყალი გაიწმინდება და მასში გარკვეული რაოდენობით დარჩება მხოლოდ ერთი კომპონენტი - ტრიტიუმი. მიჩნეულია, რომ ამ ნივთიერების დაბალი შემცველობა ადამიანს და გარემოს საფრთხეს არ უქმნის.

იაპონიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ასეთი გაფილტრული წყალი რეგულარულად იღვრება მსოფლიოს ყველა ატომური ელექტროსადგურიდან.

ოკეანეში წლის ეტაპობრივად ჩაღვრა ორი წლის შემდეგ უნდა დაიწყოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეთვალყურეობით. მანამდე ელექტროსადგურის ტერიტორიაზე წყლის გამწმენდი ნაგებობა აშენდება. ოკეანეში წყლის ჩაღვრის პროცესი დაახლოებით 30 წელს გაგრძელდება.

ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუშიმაზე" უმსხვილესი ავარია გამოიწვია 2011 წლის 11 მარტს მომხდარმა უძლიერესმა, 9 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომელსაც ცუნამი მოჰყვა. დაიღუპა 18 ათასზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG