Accessibility links

site logo site logo

გიორგი რუხაძე: მელიას გამოშვება შეიძლება იყოს ერთგვარი ჟესტი დათბობის


გიორგი რუხაძე

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პერსპექტივაში დათბობა შეინიშნება, თუმცა ცვლადები შეცვლილი არ არის. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ იგი ამბობს, რომ დანიელსონის დოკუმენტი კრიზისს ვერ განმუხტავს და ცვლილებები საჭირო იქნება. კერძოდ, იგი ფიქრობს, რომ რეალურად პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხების გარეშე კრიზისის განმუხტვა და ხელისუფლების ლეგიტიმაცია ვერ მოხდება. დათბობის ერთგვარ ჟესტად გიორგი რუხაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას მიიჩნევს:

„მეორე ვარიანტია, რომ მას კვლავაც გირაო შეეფარდოს, ანუ დღეს არ გამოუშვან, მაგრამ პატიმრობა შეუცვალონ გირაოთი, რაც უფრო მაღალი ალბათობაა. გირაო თუ არ გადაიხადა, ისევ იჯდება, მაგრამ „ქართული ოცნება“ დაბრუნდება სამართლებრივ სივრცეში. აქამდე გასული იყო საერთოდ. ანუ წარმოუდგენელი ამბავია, ადამიანს სთხოვდე გირაოს გადახდას, როდესაც გირაო აღარ აქვს შეფარდებული და პატიმრობაშია. თუკი ასეთი რამე იქნება, შემდეგ უკვე რიგგარეშე არჩევნებამდე რაიმე ფორმით მისვლა, მიუხედავად იმისა, ეს როდის იქნება და როგორ იქნება, ჩემი აზრით, უფრო ადვილად მიღწევადია. ასე რომ, მე არ გამოვრიცხავ შეთანხმებისკენ სვლას. უბრალოდ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის დოკუმენტი, რაც არის დანიელსონის დოკუმენტი, ბოლო ვერსია, ის კრიზისს ვერ მოაგვარებს“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ „დილის საუბრებში“.

31 მარტს თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.

წინადადებები ეხებოდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, და საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე გაგრძელებული დებატების დასრულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს წინადადებები არ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG