Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავა რიონის ხეობის მცველებზე: მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ არასდროს შეუწყვეტიათ დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც რიონის ხეობაში ჰესის აშენების წინააღმდეგები არიან. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ დიალოგი არასოდეს შეგვიწყვეტია. ჩვენ არათუ მზადყოფნას გამოვთქვამთ გავაგრძელოთ შეხვედრები, განმარტებები, კითხვებზე პასუხების გაცემა, არამედ პროცესი მიმდინარეობს... აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო აქტივისების პოზიციას, ისინი თვლიან, რომ საუბრის სივრცე აღარ არსებობს, აყენებენ პირობებს - მთავრობის წევრზე ნაკლები რანგის ადამიანებთან საუბარი არ უნდათ და ბოლოს პრემიერ-მინისტრი ახსენეს", - თქვა მინისტრმა.

შეხვედრის ფორმატი, რომელიც მან და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მათ და აქციის მონაწილეებმა სხვადასხვანაირად აღიქვეს.

"ჩვენ მართლაც გვქონდა მოლოდინი, რომ საქმიანი დიალოგი იქნებოდა. საქმიანი დიალოგი არ ნიშნავს მაინცდამაინც მთავრობის წევრების მონაწილეობას და მათგან პასუხის მოსმენას. როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ის ფორმატი გაგებული იყო როგორც საქმიანი შეხვედრა, ხოლო მეორე მხრიდან სხვა მოლოდინი იყო", - თქვა თურნავამ.

მინისტრი ამბობს, რომ ყველა ლეგიტიმურ კითხვას ეტაპობრივად სცემენ პასუხებს.

ნამახვანჰესის პროტესტი მეორე დღეა გუმათში გრძელდება - პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა.

"ნამოხვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას შემდეგ, ყოველ ღამეს რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG