Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები გუმათთან შემოვლით გზებს გადაკეტავენ


ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები, რომლებიც მესამე დღეა სოფელ ნამოხვანიდან გუმათჰესთან, სოფელ გუმათში არიან იძულებით გადმოსულები, ამბობენ, რომ თუკი პოლიცია არ მისცემს საშუალებას, დაბრუნდნენ კვლავ ნამოხვანში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან გამაგრდებიან და გადაკეტავენ ყველა შემოვლით გზას, რომელიც ხეობაში მიდის და რომელსაც ამ დროისთვის იყენებენ სამართალდამცველები და კომპანია „ენკას“ მანქანები.

"რადგან თვლიან, რომ არც პასუხი უნდა გაგვცეს ვინმემ, რატომ არ გვეძლევა გადაადგილების საშუალება, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი კანონიერი და კონსტიტუციური უფლებაა. მოვუწოდებთ პოლიციას, მოგვცეს განმარტება, რომელი კანონის საფუძველზე არ გვეძლევა გადაადგილების საშუალება. აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე, კანონის საზღვრებს არ გადავალთ, მაგრამ გადავკეტავთ „ენკას“ ოფისთან გზას, ვიქნებით იქ, როგორც ვართ ახლა ამ ადგილას გამაგრებული", - უთხრა ვარლამ გოლეთიანმა, პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გუმათში შეკრებილებს. სოფელ გუმათში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს, აქტივისტებს მხოლოდ ერთი კარავი აქვთ, რომელსაც ღამის გასათევად იყენებენ მას შემდეგ, რაც კვირას, 11 აპრილს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ნამოხვანში მდებარე კარვები, სადაც "რიონის ხეობის მცველები" 169 დღის განმავლობაში მორიგეობით რჩებოდნენ.

დღესვე, კომპანია "ენკას" დირექტორმა, საჯარო დებატებში გამოიწვია ვარლამ გოლეთიანი, ეკონომიკის მინისტრმა კი თქვა, რომ არასოდეს შეუწყვეტიათ დიალოგი იმ ადამიანებთან, ვინც ჰესების აშენების წინააღმდეგია.

"ჩვენი ფუნქციაა, საზოგადოებამ ნახოს, რომ მშვიდობიან ხალხს, რომელსაც უნდათ გადაადგილება, ეს ეკრძალება. განმარტებასაც კი არ აკეთებენ, ვინც ამ რთულ კლიმატურ პირობებში დგანან, რატომ არ ეძლევა გადაადგილების საშუალება. სრულ აბსურდამდე დავიდა. გადავა ეს აქციები თბილისში და ეს იქნება ყველასთვის უფრო რთული - ჩვენ კი არ გადავიტანთ, ორგანიზატორები, თვითონ გადავა აქციები. მათი ეს არაკანონიერი, არასწორი მოქმედებები გამოიწვევს ამას. თუ ასე უფრთხილდებიან ხალხის ჯანმრთელობას, რომ წყალმა არ წაიღოს, აქ რომ სველდება, ამაზეც უნდა წუხდნენ", - თქვა ვარლამ გოლეთიანი. ამ დრომდე რიონის ხეობის მცველები წინააღმდეგი იყვნენ, სხვაგან გამართულიყო მათი მხარდამჭერი აქციები, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ აქციის შინაარსიდან გამომდინარე, რიონის ხეობაში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო.

ნამახვანჰესის პროტესტი მეორე დღეა გუმათში გრძელდება - პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა.

"ნამოხვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას შემდეგ, ყოველ ღამეს რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG