Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლილუაშვილის თქმით, 20 ივნისის აქციაზე პოლიციის მიერ გამოყენებული საშუალებები იყო კანონიერი


ბექა ლილუაშვილი
ბექა ლილუაშვილი

„ქართული ოცნების" რიგებიდან ახლად წამოსული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა, ამბობს, რომ 2020 წლის 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციაზე პოლიციის მიერ გამოყენებული საშუალებები იყო კანონიერი.

„რაც შეეხება ღამეს, აქ მოქალაქეებმა გამოხატეს ამ კონკრეტული მოვლენის მიმართ სამართლიანი პროტესტი, რომელიც, მათ შორის, პოლიციის მხრიდან გაზიარებული იყო. 2 საათის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ, სწორედ, ის, რაზეც ვსაუბრობდი, მომიტინგეები კანონდარღვევით, პოლიციაზე თავდასხმით ახორციელებდნენ... [პროტესტის გამოხატვას]" - თქვა ლილუაშვილმა „TV პირველის" ეთერში.

შეკითხვაზე, სწორი იყო დათვის ტყვიებით მოქალაქეებზე თავდასხმა? ბექა ლილუაშვილი პასუხობს: „სწორი იყო, არასწორი იყო, ამას აქვს თავისი შეფასების კრიტერიუმები. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, ამიტომ, „სამართლებრივად სწორი", „სამართლებრივად არასწორი", ეს არის სწორი ტერმინოლოგია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მსგავსი ტიპის ეპიზოდებთან მიმართებაში".

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის მოვლენებისადმი მისი პოზიცია არის ის, რაც არის კანონის პოზიცია. „იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საკანონმდებლო შეთანხმებების ფუნდამენტურ საზოგადოებაში", - აღნიშნა მან.

ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „რა თქმა უნდა, ყველა ბრძანება, რაც გაიცა, იყო კანონიერი, პოლიციის მიერ გამოყენებული საშუალებები იყო კანონიერი და ეს შეფასდა არა მხოლოდ ქართული მხარის, არამედ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც".

დღეს, 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა, რომლებიც თავს უწოდებენ გიორგი გახარიას გუნდის წევრებს და მასთან ერთად ახალ პარტიას ქმნიან.

უმრავლესობიდან 6 დეპუტატის გასვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი ჰყავს.

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიდან 3 მაჟორიტარია და 3 პარტიული სიით არჩეული. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამჟამად აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეული ანა ბუჩუკური გიორგი გახარიას მთავრობაში იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, ბექა ლილუაშვილი - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დაუშვილი კი - ბიზნესომბუდსმენი.

გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის.

22 მარტს, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG