Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახ. დეპარტამენტი: იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ქართველი ხალხის ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა არ აყენებენ


ავტორი: ია მეურმიშვილი, „ამერიკის ხმა"

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 14 აპრილს ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ მინისტრმა ზალკალიანმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

შეხვედრის შემდეგ, „ამერიკის ხმამ“ ამერიკის დიპლომატიური უწყების განცხადება მოიპოვა, სადაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეერთებული შტატების პოლიტიკას აცხადებს.

დეპარტამენტის ერთ-ერთი უფროსი პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს საქართველომ წარმატებს მიაღწიოს, როგორც უსაფრთხო და განვითარებულმა დემოკრატიამ და გააგრძელოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის მუშაობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაჟინებით სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას გადაჭრან მათი კონფლიქტი. ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში მოვუწოდეთ ყველა მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, იმისთვის, რომ საქართველოს წინ წასვლის საშუალება მიეცეს“.

დეპარტამენტი იმედგაცრუებას გამოხატავს და ამბობს, რომ დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს.

ამ ფონზე, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კობახიძე შეხვედრებს მართავს კონგრესში, ადმინისტრაციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მანამდე კი, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის შემდგარი სარტელეფონო ზარის შესახებ მინისტრმა ზალკალიანმა თქვა, რომ “სახელმწიფო მდივან ბლინკენთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით კრიტიკული მნიშვნელობისაა და მტკიცე რჩება. ველოდებით [პრეზიდენტ ჯო] ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის გასაძლიერებლად“.

ზალკალიანისა და ბლინკენის სატელეფონო საუბარს წინ უსწრებდა ხუთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის - ღია საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ლიბერალური აკადემიისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის - მიერ ამერიკელ სენატორებთან წერილის გაგზავნა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სენატორებს სთხოვეს უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში და მათ კრიზისის განმუხტვისთვის კონკრეტული გეგმა შესთავაზეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG