Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რატომ ვაღიარეთ ისინი?“ - რუსი ექსპერტები აფხაზეთს არშემდგარ სახელმწიფოს უწოდებენ


„რატომ უნდა შევინახოთ გადამხდელების ფულით ტერიტორია, სადაც ჩვენ ბინის შეძენის უფლებაც კი არა გვაქვს“, - განაცხადეს რუსმა ექსპერტებმა გეოპოლიტიკისა და გეოისტორიის კავკასიის საერთაშორისო კვლევის ცენტრისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ კონფერენციაზე, სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“.

ონლაინ კონფერენციაზე, რომელიც 11 აპრილს ჩატარდა, ორგანიზატორებმა ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან და ისრაელიდან მიიწვიეს.

„გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ რუსმა საზოგადო მოღვაწეებმა ყველაფერი იციან, ანუ ის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიაა. სხვებიც გვესწრებოდნენ ისრაელიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან... ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია და რუსეთმა უკან უნდა წაიღოს თავისი აღიარება“, - ამბობს გეოპოლიტიკისა და გეოისტორიის კავკასიის საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი გურამ მარხულია.

კონფერენციაში რუსეთიდან მონაწილეობდნენ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი ტატიანა პოლოსკოვა და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოლეგ კუზნეცოვი. ტატიანა პოლოსკოვამ თქვა, რომ აფხაზეთს დამოუკიდებლად არსებობისთვის არ გააჩნია არც ეკონომიკური დაარც მენეჯერული რესურსი, რის გამოც რუსეთიდან გამოყოფილ მილიონობით რუბლს ცალკე რუსეთის და ცალკე აფხაზეთის კორუმპირებული წრეები აკონტროლებენ.

„როდესაც ამბობენ, კორუფციას უნდა ვებრძოლოთო, სულ მიჩნდება კითხვა, სად უნდა ებრძოლონ ამ კორუფციას, თუკი ფული, რომელიც აფხაზეთში მიდის, მიდის მოსკოვიდან? ჰკითხეთ ჩვენს სახელმწიფო ორგანოებს, სად წავიდა ეს ფული, თუკი ქვეყანა საშინლად არის გაპარტახებული. ასეთი გაპარტახება სირიაშიც არ მინახავს“, - ამბობს ტატიანა პოლოსკოვა.

მისი თქმით, უამრავ პრობლემას ქმნის ის, რომ რუსეთის მოქალაქეს უფლება არა აქვს რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებულ აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინოს ან საწარმო გახსნას, თუ მისი პარტნიორი აფხაზეთის მოქალაქე არ იქნება.

„ამის გამო უამრავი კორუფციული გარიგება და ბანდიტური გარჩევა ხდება. რამდენიმე წლის წინ მხეცურად მოკლეს რუსეთის კონსული და მისი ორსული ცოლი. ინვესტიციები არანაირად არ არის დაცული. რა თქმა უნდა, რაღაც დრომდე ასე იყო, მაგრამ ახლა რუსეთს ის დრო არ უდგას, ფული აქეთ-იქით ფანტოს. თავადაც ძლიერ კრიზისში ვართ, რომელიც პანდემიითა და სანქციებით არის გამოწვეული“.

ტატიანა პოლოსკოვა ამბობს, რომ, როგორც კი რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება, პირველ რიგში დადგება იმ მცირე - აღიარებული თუ არაღიარებული - სახელმწიფოების საკითხი, რომლებიც რუსეთის სატელიტები გახდნენ.

„უნდა გავერკვეთ, რატომ ვაღიარეთ ისინი. რით ხელმძღვანელობდა მედვედევის გუნდი? რამე ლობისტური ინტერესებით? რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებით? ძალიან საეჭვოა. ჩვენ არაფერი გვემუქრებოდა. თუ აფხაზეთის მთავრობას არ სურს მოლაპარაკებებზე წამოსვლა, მაშინ მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს ვხედავ. პირველი - ფინანსების შეზღუდვა (სხვათა შორის, 1 იანვრიდან აფხაზეთს რუსეთისგან ფული არ მიუღია); მეორე - მკაცრი კონტროლი (შესაძლებელია, შიდა მმართველის მიერ, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლება და ოპოზიცია არ წამოვა) და მესამე - წავიღოთ უკან აღიარება. წერს კიდეც მედია, რატომ უნდა შევინახოთ გადამხდელების ფულით ტერიტორია, სადაც ჩვენ ბინის შეძენის უფლებაც კი არ გვაქვსო“.

„ასეთ მდგომარეობაში აფხაზეთი რუსეთს არ სჭირდება“

ოლეგ კუზნეცოვი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთის რეგიონი ვერ შედგა სახელმწიფოდ და დღემდე იქ არა პოლიტიკური, არამედ კლანური მენტალიტეტია გაბატონებული.

„გვარები ინაწილებენ თანხებს, თავის ვიწრო კლანური ინტერესების მიხედვით... ინფრასტრუქტურული სამუშაოები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ჩატარებულა. ასეთ მდგომარეობაში აფხაზეთი რუსეთს არ სჭირდება და თუ სჭირდება, მხოლოდ გუდაუთაში ბაზების განსათავსებელად. უნდა ველოდოთ, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტი აპოგეას ზაფხულში მიაღწევს. რუსეთი წლის მეორე ნახევარში ფინანსირებას არ განაახლებს“, - ამბობს ის და დასძენს, რომ შესაძლოა რუსეთმა უარიც კი თქვას აფხაზეთში ყოფნაზე.

ზაფხულში ვითარების დაძაბვას ელის პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც. ივნისში მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელი უნდა მოეწეროს დოკუმენტებს ენერგორესურსების შესახებ, მათი შემდგომი გაყიდვის მიზნით. მყიდველი კი, ზაქარეიშვილის აზრით, ყველა ვარიანტში რუსი ოლიგარქი იქნება, რაც აფხაზეთის პოზიციებს კიდევ უფრო შეასუსტებს.

„რუსულ საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთის აღიარება არასწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ ეს პოზიცია თანხვედრაში არ მოდის რუსეთის ნეოიმპერიულ პოლიტიკასთან. დონბასი, ყირიმის ანექსია, ნატოს კონტექსტში რუსეთის გაძლიერება შავ ზღვაზე... ამ ფონზე აფხაზეთის აკვატორია რუსეთის სამხედრო ინტერესებშია. რუსეთის მოსახლეობის 80 % სამ იმპერიალისტურ პარტიას აძლევს ხმას, ამიტომ საეჭვოა რუსეთის პოლიტიკა შეიცვალოს.

აფხაზები კარგად ხვდებიან, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ისინი ან იქნებიან რუსეთის შემადგენლობაში, ან საქართველოსთან ერთად ახალ სახელმწიფოს შექმნიან. მაგრამ საქართველო დუმს, არაფერს არ სთავაზობს, გარდა სადღეგრძელოებისა“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

აფხაზეთზე აფხაზების გარეშე

სოხუმში კონფერენციამ ყურადღება სხვა მიზეზებით მიიპყრო. აფხაზი ავტორი ვიტალი შარია „ეხო კავკაზას“ ბლოგში „დისკუსია აფხაზეთზე აფხაზების გარეშე“ წერს:

„განსაკუთრებით მომხვდა თვალში ბოლო აბზაცი: „კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ აღნიშნული პრობლემის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გაგრძელების თაობაზე“. რაღა დისკუსიაა, თუ მხოლოდ მისი მონაწილეების მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ცალ კარში თამაშია? იგივე აზრი გამოითქვა პირველივე კომენტარში: „შეიკრიბნენ საქართველოს მომხრეები, სხვას რას უნდა ველოდოთ? რა თქმა უნდა, შეთანხმდნენ. ოპონენტები არ ჰყავდათ და“...

რატომ არ მოიწვიეს აფხაზები? კონფერენციის მონაწილე ისტორიკოსი ზურაბ პაპასქირი განმარტავს, რომ აფხაზების მოწვევა არც უცდიათ, რადგან, როგორც წესი, მსგავსი ფორმატისა და თემატიკის კონფერენციებში მონაწილეობაზე ისინი უარს აცხადებენ.

„ჩვენ აქ რუსების მოწვევა უფრო გვინდოდა. სერიოზული გზავნილებია მოსკოვიდან, რომ ექსპერტები, ბოლოს და ბოლოს, იტყვიან, რომ რუსეთმა აღიარება უკან წაიღოს. აფხაზეთის დაბრუნების შანსი მარტო იმ შემთხვევაში არსებობს, თუ აფხაზებს რუსები მიატოვებენ“.

ნინო კალანდარიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ კონფერენციის სახელწოდება „აფხაზეთი საქართველოა“ უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ აფხაზებს მასში მონაწილეობა არ მონდომებოდათ.

„არ იყო სომხეთის წარმომადგენელიც. ესეც მაფიქრებინებს, რომ თემა სრულყოფილად ვერ იქნებოდა გაშუქებული. თავიდანვე თემად გამოტანა იმის, რომ „აფხაზეთი საქართველოა“ ნიშნავს იმას, რომ აფხაზ მონაწილეს ვერ იპოვი. არა აქვს მნიშვნელობა, მე რას ვფიქრობ და სხვა რას ფიქრობს, ნამდვილად არის აფხაზეთი საქართველო თუ არა, მთავარი ხომ ის არის, რომ ვისაუბროთ ამ თემაზე...“.

მეორე მხრივ, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზებთან სწორედ პოლიტიკურ თემებზეა საჭირო საუბარი, მით უფრო ახლა, როდესაც აფხაზეთს არ სურს იქცეს რუსეთის ნაწილად, მაგრამ ვერც თბილისიდან იღებს ისეთ გზავნილებს, რომლებიც მისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო იქნებოდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG