Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში რიონის ხეობის მცველებთან შეხვედრა იმართება


იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში რიონის ხეობის მცველებთან "ნამოხვანჰესთან" დაკავშირებით შეხვედრა იმართება. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ორგანიზებულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ორი გუბერნატორი - იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის მხარის და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებიან. ათეულობით აქტივისტიდან შეხვედრაზე მხოლოდ რამდენიმე მათგანი შევიდა, იქ არ დაუშვეს მედია.

"დღევანდელი შეხვედრაზე არ ვისაუბრებთ ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებზე. საპატრიარქოს მოწოდებაც იყო, რომ მხარეები დიალოგზე დავმსახდარიყავით. ვისაუბრებთ, თუ გაგრძელდება დიალოგი რა ფორმატში იქნება ეს... ჩვენი მოთხოვნა არის, რომ თუკი უნდა ვისაუბროთ გაგრძელდება თუ არა დიალოგი, პოლიცია უნდა გამოლაგდეს ხეობიდან. ეს არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა, რიონის ხეობის მცველმა შეხვედრის დაწყებამდე.

შეხვედრის პარალელურად გუბერნიის შენობასთან პოლიციის კორდონია გავლებული.

ნამახვანჰესის პროტესტი რამდენიმე დღეა გუმათში გრძელდება - პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა.

"ნამოხვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას შემდეგ, ყოველ ღამეს რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG