Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანი რობერტ სტურუას გათავისუფლებას არ აპირებს


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი არ აპირებს რობერტ სტურუა გაათავისუფლოს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. სტურუამ მხარდაჭერა გამოუცხადა თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს, რომელსაც ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი.

„ასევე, გაცხადდა მისივე გადაწყვეტილება, რომ ის წასვლას არ აპირებს და ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს და ჩვენ მას ყველამ, პირველ რიგში, მსახიობებმა, მინისტრმა და ჟურნალისტებმა უნდა მივცეთ შესაბამისი საშუალება, რომ იმუშაოს და იმოღვაწეოს იმიტომ, რომ ეს არის მისი საქმე. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს", - უთხრა კულტურის მინისტრმა ჟურნალისტებს მარჯანიშვილის თეატრის ადმინისტრაციასა და დასთან შეხვედრის დაწყებამდე. წულუკიანმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა რობერტ სტურუას რეაქცია ძალადობის წახალისება.

დღესვე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრს სასწრაფოდ დატოვებს.

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, 14 აპრილს შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა და მხოლოდ იმიტომ გაასაჯაროვა 11 წლის წინ მომხდარი ფაქტები, რომ ამით სურს ოჯახში ძალადობის სხვა მსხვერპლ ქალებს გვერდით დაუდგეს და მათ გაძლიერებას შეუწყოს ხელი. თავად მსახიობი ბესო ზანგური ძალადობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG