Accessibility links

site logo site logo

ქალაქ ინდიანაპოლისში შეიარაღებულმა პირმა 8 კაცი მოკლა


აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, წუხელ უცნობმა შეიარაღებულმა პირმა 8 კაცი მოკლა და რამდენიმე დაჭრა შტატ ინდიანის ქალაქ ინდიანაპოლისში ატეხილი სროლის შედეგად.

სროლა ღამის საათებში მოხდა ინდიანაპოლისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე FedEx-ის ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე. შტატის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცეცხლსასროლი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს სულ მცირე 4 კაცი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელის ვინაობა დგინდება. ჯერჯერობით უცნობია ამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზი.

ამ ინციდენტის ფონია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოქალაქეებისათვის მიცემული პირობა, რომ იბრძოლებს ცეცლსასროლი იარაღის გამოყენებით გამოწვეული ძალადობის შესამცირებლად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 8 აპრილს გამოაცხადა ახალი ზომები ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შესამცირებლად, ძალადობისა, რომელსაც მან უწოდა „ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული კრიზისი“.

ახალი ზომები მოიცავს ზომებს ე.წ. იარაღი-მოჩვენების გავრცელების შესამცირებლად - იარაღის, რომელიც კუსტარულადაა აწყობილი და მისი კვალის დადგენა შეუძლებელია. ცეცხლსასროლი იარაღისგან განსხვავებით, ამგვარ იარაღს ამჟამად არ ეხება სარეგულაციო ზომები, რაც ნიშნავს, რომ მისი შეძენა მყიდველის ვინაობისა და ისტორიის შეუმოწმებლადაა შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG