Accessibility links

site logo site logo

სახალხო დამცველი ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და საკითხის შესწავლას აპირებს


საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც ყოფილი ქმარი თანაცხოვრების დროს ძალადობაში დაადანაშაულა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას.

"საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია საგამოძიებო უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, რათა სავარაუდო დანაშაულს პასუხი კანონის ფარგლებში გაეცეს. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას და განსაკუთრებით საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ძალადობის წამახალისებელი, მისი მნიშვნელობის დამაკნინებელი და დისკრიმინაციული განცხადებებისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის სოლიდარობის მიუხედავად, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით არაერთი დისკრიმინაციული განცხადება გაკეთდა, მათ შორის საჯარო პირების მხრიდან:

"ასეთი განცხადებები აკნინებს ძალადობის ფენომენის სერიოზულობას და მსხვერპლებს საზოგადოების მხარდაჭერის და ძალადობისგან თავის დაღწევის რწმენას უკარგავს".

ბესო ზანგურს ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. ქალის თქმით, ბესო ზანგური მასზე 11 წლის წინ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა.

12 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას, დღეს, 16 აპრილს გამოეხმაურა კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ბესო ზანგურმა რუსთაველის თეატრი უნდა დატოვოს.

33 წლის მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, 14 აპრილს შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა და მხოლოდ იმიტომ გაასაჯაროვა 11 წლის წინ მომხდარი ფაქტები, რომ ამით სურს ოჯახში ძალადობის სხვა მსხვერპლ ქალებს გვერდით დაუდგეს და მათ გაძლიერებას შეუწყოს ხელი. თავად მსახიობი ბესო ზანგური ძალადობას უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახში ძალადობის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG