Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის პასუხად მოსკოვმა რუსეთში შესვლა აუკრძალა აშშ-ის დაზვერვისა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონის სანქციების პასუხად რუსეთში შესვლა აუკრძალა აშშ-ის რამდენიმე მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის, აშშ-ის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს. მოსკოვის სანქციაში 8 კაცი მოხვდა:

  • გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, კრისტოფერ რეი,
  • აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ავრილ ჰეინსი,
  • გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი,
  • საპატიმროების ფედერალური ბიუროს დირექტორი, მაიკლ კარვახალი,
  • შიდა უსაფრთხოების მინისტრი, ალეხანდრო მაიორკასი,
  • შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი და გაეროში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, სიუზან რაისი,
  • ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე, ჯონ ბოლტონი,
  • და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი დირექტორი, რობერტ ვულსი.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვმა ეს ნაბიჯი გადადგა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ. 15 აპრილს აშშ-მა რუსეთის 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო.

ამას გარდა, რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ათ ამერიკელ დიპლომატს. მოსკოვში აშშ-ის ელჩთან, ჯონ სალივანთან შეხვედრისას ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში, იური უშაკოვმა, რომელმაც აშშ-ის ელჩს შესთავაზა ვაშინგტონში წასვლა საკონსულტაციოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG