Accessibility links

site logo site logo

გიგა ბოკერია: „ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი შეთავაზებულია - პლებისციტი“



„ჩვენი ამოცანა არის უცვლელი, ჩვენ გვინდა გონივრული კომპრომისი, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა მოიცავდეს პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას და სვლას ვადამდელი არჩევნებისკენ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციისგან კომპრომისი შეთავაზებულია პლებისციტის სახით, რომელიც მათი მხრიდან სერიოზული დათმობაა.

„კომპრომისიც ჩვენივე შეთავაზებული გვაქვს პლებისციტის სახით და ბუნებრივია, ვადებზე უნდა ვისაუბროთ. კრიზისიდან რეალურ გამოსავალს სჭირდება ნორმალური არჩევნები, პოლიტიკური დევნის გაჩერება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს და ამისთვის ჩვენ ყველა შანსის გამოყენებას ვაპირებთ, სადაც შესაძლებლობა იქნება გონივრული კომპრომისის. ჩვენი ჩარჩოები ცნობილია, ჩვენი კომპრომისი შეთავაზებულია პლებისციტის სახით. ეს ძალიან სერიოზული დათმობაა. იმაზე დაყრდნობით, რაც მე გითხარით, თუ იქნება ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული მმართველი პარტიისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ მოწადინებული ვართ. ბუნებრივია, შეთანხმება უნდა იყოს ისეთი, რომელიც რეალურად დაიწყებს ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან. მუდმივი კომუნიკაცია არსებობს პოლიტიკურ სპექტრს და დიპლომატიურ კორპუსს შორის“, - თქვა მან.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს. ბოლო ინფორმაციით, შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG