Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩის“ ლიდერებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს


„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს. მათ ეს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, პარლამენტში მისვლამდე გააკეთეს:

„თითოეულმა პარლამენტის წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაო. ანუ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ იმ 60-მა კაცმა თუ რამდენიცაა, მართლა სათითაოდ უნდა თვითონ გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ყველაფერი და არ ვიცი, რა გააკეთოს. მოდით ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია და ხელი მოვაწეროთ ამ დოკუმენტს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„აი, მე მოვაწერე ამას ხელი, რომ მინდა, რომ შერიგდეს მიშა და ბიძინა. ეს არის დასაწყისი რაღაც შერიგების“, - აღნიშნა მან. თავის მხრივ, იაგო ხვიჩიამ წარმატება უსურვა დოკუმენტს და გამოთქვა იმედი, რომ მასზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელმოწერებიც გაჩნდება:

„მე მინდა, რომ მოგვბაძონ ადამიანებმა, ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან და ხელისუფლებიდან. ყოველ შემთხვევაში, ეცოდინება ხალხს, რომ ჩვენ არა ვართ დესტრუქტორი ხალხი და გვინდოდა შეთანხმება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ და დააზუსტა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერის შემთხვევაში, „გირჩი“ პარლამენტში სრულფასოვან საქმიანობას შეუდგება:

„თუ "ქართული ოცნება" თვითონაც ხელს მოაწერს და ჩვენთან დადებს ხელშეკრულებას ფიზიკურად და აქ არსებული პირობები აღსრულდება, მიუხედავად იმისა, რას იზამს "ნაციონალური მოძრაობა" ან სხვა ოპოზიციური პარტიები, ჩვენ შევდივართ სრულად პარლამენტში. ეს ხელმოწერა ნიშნავს ამას. თუ ამას "ქართული ოცნება" არ მოაწერს ხელს და მხოლოდ ცალმხრივი იქნება, ის არ არის შეთანხმება როგორც ასეთი და მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც ჩვენ შევდივართ პარლამენტში. მაგრამ გვინდა, რომ დერეფნებში დაველოდოთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც იგივეს გააკეთებენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG