Accessibility links

site logo site logo

"ლელო" შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს


"ლელო საქართველოსთვის" მზადაა ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ განახლებულ დოკუმენტს. ამის შესახებ მედიას პარტიის პოზიცია ანა ნაცვლიშვილმა გააცნო.

"პრინციპულად ლელო ეთანხმება გუშინ მაგიდაზე დადებულ დოკუმენტს. ცხადია, მასში არის გარკვეული საკითხები, რაც პრაქტიკაში არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდეს და სწორად განხორციელდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიატორების მხრიდან ამ ყველა პუნქტის შესრულება იყოს მათი ყურადღების ქვეშ და ჩვენ ამაზე გავაგრძელებთ მუშაობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნისთვის, რომ მიღწეული იქნას პოლიტიკური შეთანხმება და "ლელო" ამ შეთანხმების სულისკვეთებით მხარს უჭერს ხელმოწერას, გადატვირთვას და განახლებას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

"ლელოს" გარდა, დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე დააფიქსირეს "სტრატეგია აღმაშენებლის" და "გირჩის" წარმომადგენლებმა. დოკუმენტს ეთანხმება "ქართული ოცნებაც".

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - "სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG