Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი: ვიმედოვნებ, საქართველოში პარტიები გადადგამენ ნაბიჯებს შეთანხმების მისაღწევად


ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში
ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში

19 აპრილს გაიმართა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს არაფორმალური ვიდეოკონფერენცია, რომელზეც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც უნდა ემსჯელათ.

შეხვედრის შემდეგ, უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭოს ეგიდით შეთავაზებულ შეთანხმებას ყველა პარტია მოაწერს ხელს.

"შეხვედრის დროს საქართველოში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, იქ პრეზიდენტ მიშელის ეგიდით წარდგენილ იქნა ახალი დოკუმენტი, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად. შეხვედრის ბოლოს [საქართველოდან] ცნობები მოვიდა, მე მივესალმები დადებით ნიშნებს - რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო ახლახან წარდგენილი შეთავაზება. ვიმედოვნებ, რომ სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯებს შეთანხმების მისაღწევად. ყველა პარტიას მოვუწოდებ, იპოვონ კომპრომისული გზები იმ ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც საქართველო ამჟამად იმყოფება და დემოკრატიის კონსოლიდაციის გასაგრძელებლად. იმედი ვიქონიოთ, რომ დღის ბოლოსთვის ამის შესახებაც შევიტყობთ კარგ ახალ ამბებს", - განაცხადა ბორელმა.

ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, როგორი იყო მინისტრების პოზიციები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით, კერძოდ, იმ გარემოებასთან, რომ შეთანხმების ხელმოსაწერად მმართველ პარტიასთან ერთად მზად არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია - შეთანხმებას ხელს არ აწერს, ბორელმა ასე უპასუხა:

"ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია, მე მათ ჩემი მხრიდან ინფორმაცია მივაწოდე, მინისტრებს ავუხსენი, რომ ერთად ვმუშაობთ, აშშ-სთან კოორდინაციით, თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის მეშვეობით, პრეზიდენტ მიშელის ზედამხედველობით და საგარეო მოქმედების სამსახურის მხარდაჭერით. რომ წარვადგინეთ შეთანხმება, რომელსაც დათანხმდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკება გრძელდებოდა სხვა პარტიებთან. პერსპექტივა დადებითია. მაგრამ ეს არ ყოფილა მინისტრების განხილვის საგანი. მათ ინფორმაცია მიიღეს და ჩვენს მუშაობას მხარს უჭერენ. ვნახოთ, რა მოხდება დღის ბოლოს".

18 აპრილს, ღამით ცნობილი გახდა განახლებული ვერსია შეთანხმებისა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ახალ არჩევნებს.

XS
SM
MD
LG