Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღის მესვეურებს სურთ შემცირდეს რუსეთის საელჩოსთან ტერიტორია


პრაღის საქალაქო საბჭომ ჩეხეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რუსეთის მხარესთან იმსჯელოს ცვლილებებზე რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე.

პრაღის მესვეურები გამოდიან წინადადებით, რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ დააბრუნოს სტრომოვკის პარკის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც საელჩოს მიეკუთვნა 1968 წელს, ვარშავის ხელშეკრულების ძალების შეჭრის შემდეგ. "53 წლის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს სტრომოვკის ნაწილის ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან", - წერს ტვიტერით პრაღის მეშვიდე რაიონის წარმომადგენელი, იან ჩიჟინსკი.

პრაღის მესვეურებს ასევე სურთ შემცირდეს რაოდენობა მანქანების დასაყენებელი ადგილებისა, რომლებიც განკუთვნილია რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებისთვის, - იუწყება გამოცემა Lidovky.cz.

პრაღის საბჭოს განცხადების ფონია ურთიერთობების დაძაბვა ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის.

17 აპრილს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ 2014 წელს ჩეხეთში იარაღის და ამუნიციის საწყობის აფეთქების უკან. ამ ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევება დასაბუთებულია „არაორაზროვანი მტკიცებულებით“, რომელიც წარმოადგინეს ჩეხმა გამომძიებლებმა.

რუსეთი, ჩეხეთის ქმედების საპასუხოდ, მოსკოვში ამ ქვეყნის საელჩოს 20 თანამშრომელს გამოაცხადებს პერსონა ნონ გრატად. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჩეხეთის საელჩო ვეღარ დაიქირავებს რუსეთის მოქალაქეებს.

XS
SM
MD
LG