Accessibility links

site logo site logo

ბაქრაძე: ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას იმიტომ რომ სჭირდება საქართველოს ევროპულ მომავალს


ინდივიდუალურად მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს „ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

„მე, როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ გვჭირდება, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს. ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ უკანონოდ, უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ“, - თქვა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველომ" და მისმა ამჟამინდელმა თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა ცერემონია, რომელიც ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.

სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს„გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG