Accessibility links

site logo site logo

ხატია დეკანოიძე: პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს რეჟიმია


ხატია დეკანოიძე

ორბელიანების სასახლეში მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე. მისი შეფასებით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის.

„ჩემი პოზიცია (რომელიც მე ეთერშიც მაქვს დაფიქსირებული) იყო, რომ ნიკა მელიას გარეშე, მისი დაჭერის შემდეგ მოლაპარაკებებში ნაციონალურ მოძრაობას მონაწილეობა არ უნდა მიეღო. არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, ან პოლიტიკური კომპრომისი არ მესმის, არამედ გულწრფელად მჯერა - ეს იქნებოდა ენმ-ის ყველაზე პრინციპული და უკეთესი პოზიცია. დღეს განსაკუთრებით.

ახლაც ამ აზრზე ვარ: პარტიის თავჯდომარე თუ ციხეშია ვერ იქნება ჩვენი გადაწყვეტილება სრულფასოვანი და მორალურად გამართლებული", - აღნიშნავს დეკანოიძე.

მისი შეფასებით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს [„ქართული ოცნების"] რეჟიმია.

„ვერასდროს გავიგებ სალომე ზურაბიშვილთან სტუმრობას", - დასძენს დეკანოიძე.

ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG