Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე


სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ.

„ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც არის თქვენი და თქვენი წარმომადგენლის და ასევე აშშ-ის დახმარებით მიღწეული, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდაპოლიტიკური წინსვლისთვის. პირველ რიგში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ ეს საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილი, მე ვიტყოდი, გადაღლილი ამ პოლარიზაციით და არეულობით. და თუნდაც შეურაცხყოფილი. იმიტომ, რომ ეს არ არის ის ღირებულებები, რაც ყველამ ვიცით, რომ უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის აზრით, პოლიტიკურმა შეთანხმებამ შედეგი გამოიღო და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება - პირველ რიგში, პარლამენტის გაძლიერება. „რამეთუ დღევანდელი დღიდან ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი“, - აღნიშნავს ის.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, „ის ადგილი და უფლებები, რაც ენიჭება ოპოზიციას საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე. იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანა არის, სადაც ასეთი უფლებები არ მიენიჭება ოპოზიციას და გახდა ქმედითუნარიანი და ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები“.

ზურაბიშვილი მიუთითებს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერების შესახებ: „ის ფაქტი, რომ მთლიანად აქ შეიკრიბა ოპოზიცია დოკუმენტზე ხელმოწერისთვის, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის როლს, ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს. და მეტიც შეუძლია, რომ ალბათ გააკეთოს და თუ საჭირო გახდება (იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება საჭირო), რაღაც ფორმით მედიაცია შეასრულოს. მე მგონი, ეს არის საზოგადოების სურვილი, რომ აღარ გახდეს თქვენი [შარლ მიშელის] შეწუხება საჭირო“.

სასამართლო და საარჩევნო სისტემა

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, შეთანხმებით საფუძველი ეყრება კიდევ ორი ინსტიტუტის გაძლიერებას და მათ აყვანას ევროპულ დონეზე - ერთი არის სასამართლო სისტემა, მეორე არის საარჩევნო სისტემა.

„ის, რაც მოხდება მომავალ დღეებში, კვირებში, ჩვენ ამ რეფორმების მიხედვით, რომელიც ჩასმული არის ამ შეთანხმების დოკუმენტში, მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი დონის სასამართლო სისტემას და საარჩევნო სისტემას, რომელიც ასევე იქნება პრაქტიკაში გადატანილი, ოქტომბერში ჩვენი ადგილობრივი არჩევნების დროს“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

საერთაშორისო ურთიერთობები

პრეზიდენტი შეთანხმების გაფორმების შემდეგ შედეგებს მოელის საგარეო პოლიტიკის კუთხითაც. „ეს შეთანხმება ასახავს უკვე ძალიან მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ბევრი კრიზისი არის უფრო მაღალი დონის, ვიდრე იყო საქართველოში, მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარის ასეთი ჩართულობა ყველა ძალებით, არის უპრეცედენტო. ეს თავისთავად არის მანიშნებელი, რა სიახლოვე არსებობს, რა კავშირები არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - თქვა მან.

ზურაბიშვილმა ილაპარაკა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ინვესტიციები და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც შავ ზღვას უფრო დააკავშირებს ევროკავშირთან. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით საკითხები ნამდვილ გეგმაში აისახება.

პრეზიდენტმა შარლ მიშელის წინაშე ახალი ინიციატივაც დააყენა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების შეთანხმებამ მიიღოს სრულყოფილი სახე მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. მან შარლ მიშელს შესთავაზა, რომ ბათუმის ყოველწლიური კონფერენცია გადაიქცეს სამიტად და დაპატიჟონ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ევროკავშირთან ერთად.

მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებული საკითხები.

ზურაბიშვილი აგრეთვე ლაპარაკობს პროგრამებზე, რომლებიც ფიზიკურად უკავშირდება ადამიანებს. „ეს არის კულტურა და განათლება. მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რომ ჩვენმა და ევროკავშირის მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ არიან ერთი ოჯახის წევრები“, - თქვა ზურაბიშვილმა და დაამატა: - „ლაპარაკის დროს დასრულდა, ახლა საქმის დროა“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მედიაციის პროცესი, შარლ მიშელის პირველი ვიზიტის დროს, 2021 წლის 1 მარტს დაიწყო.

2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

19 აპრილს ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ და დოკუმენტს ხელი მოაწერეს: „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილმა, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძემ, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

დოკუმენტს ინდივიდუალურად შეუერთდნენ ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

შეთანხმებას მმართველი პარტიიდან ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. დოკუმენტი ხელმოწერებისთვის ღიაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG